საზოგადოება
კურორტმა "ახტალამ" პირველი დამსვენებლები მიიღო
გურჯაანში, კურორტ "ახტალაზე" სეზონი 15 მაისს გაიხსნა და ამ დროისთვის 11 დამსვენებელი ჰყავს. აქედან ორი ისრაეილიდანაა, ექვსი - რუსეთიდან, სამი კი ადგილობრივია.
-"საკურორტო სეზონისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა როგორც პოლიკლინიკურ და საძილე, ასევე სააბაზანო განყოფილებაში. კურორტი მზად არის იმისთვის, რომ სეზონი წარმატებულად წარიმართოს. ვფიქრობთ, წელს გაცილებით უკეთესი მომსახურება გვექნება, თუ რამე ხარვეზი იყო, შედარებით აღმოვფხვერით. ერთდროულად სანატროუმს 70 დამსვენებლის მიღება შეუძლია, სააბაზანო განყოფილებას კი, როდესაც პიკის პერიოდია, 110-დან 130-მდე. სეზონი პირველი ნოემბრისთვის მთავრდება ხოლმე. ბოლო პერიოდში დამსვენებელთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს, გამონაკლისი იყო გასული წელი, როდესაც დამსვენებელმა მცირედით იკლო. წელს კარგი დასაწყისია."- აღნიშნა კურორტ "ახტალის" დირექტორმა გიორგი უტიაშვილმა.

ახტალა — ტალახით სამკურნალო კურორტია. თბილისიდან 122 კმ-ში, ხოლო ზღვის დონიდან 412 მეტრზე მდებარეობს. მას ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებენ ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.), ისტორიკოსი პ. იოსელიანი და ექიმი ა. მესხიშვილი (XIX ს.). ახტალის ტალახის სამკურნალო თვისებების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

ახტალაზე არის მოზრდილთა და ბავშვთა სანატორიუმი, პოლიკლინიკა, სააბაზანო (ტალახსამკურნალო). ჩვენებები: მოძრაობის ორგანოთა ქრონიკული, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებები.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახტალა / კურორტი /