საზოგადოება
„ეზოში მესამე გველი მოვკალით“ - ახაშნის მკვიდრი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მცხოვრები ვარდოსანიძეების ეზოში გუშინ საღამოს გველი მოკლეს.


როგორც ოჯახის დიასახლისი ლია სოლომნიშვილი ამბობს, ეს ბოლო ერთი თვის მანძილზე უკვე მესამე შემთხვევაა.
„ეზოში ბევრი ლამაზი ყვავილი მიდგა და სამჯერვე იქ ვნახე ქვეწარმავალი. ეტყობა ყვავილები უყვარს. პირველად რომ მოკლა ჩემმა მეუღლემ, ერთ მეტრაზე მეტი სიგრძის იყო. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ ვნახე და ისინიც საკმაოდ დიდი ზომის იყო. ეზოს კარგად ვუვლი, ბალახსაც არ ვაჩერებ, მაგრამ მაინც ჩნდებიან. როგორც ამბობენ, წელს ძალიან მომრავლდნენ. არ ვიცით, რა გავაკეთოთ, შარშან ჩემმა მეზობელმა ნახა სახლში მაგიდის ქვეშ, მეშინია ჩვენთანაც არ შემოვიდნენ.“

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმმა ეპიდემიოლოგმა მარინა კაპანაძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ ქვეწარმავლით დაგესვლის შემთხვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.
„ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შხამიანი გველის კბენის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. თუკი მსგავსი რამ დაფიქსირდება, ვაქცინაციის პრობლემა არ იქნება, რადგან ჯეოჰოსპიტალს მარაგში ყოველთვის აქვს საკმარისი ვაქცინა. რა წამსაც ამოიწურება მარაგი, იმ წამსვე ახალი შემოვა.“

შევეცადეთ გაგვერკვია, ამ სიტუაციაში ვის უნდა მიმართოს მოსახლეობამ დახმარებისთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ საკითხზე პასუხისმგებლობა არც ერთ სამსახურს არ ეკისრება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.
| Print |
FaceBook Twitter Google