საზოგადოება
როგორ გადაწყდება დასეტყვილი ატმის რეალიზაციის საკითხი კახეთში
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის კრეფა ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც დაიწყო, მაგრამ მოსახლეობა უკვე რეალიზაციის პრობლემაზე საუბრობს.
სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ 52 წლის მარინე ამირეჯიბს ატმის ბაღი ნახევარ ჰექტარზე აქვს გაშენებული. როგორც თვითონ ამბობს, ჯერჯერობით ცოტა იკრიფება, მაგრამ ამის რეალიზაციაც ჭირს.

„ კილო 50 თეთრი ღირს და მყიდველიც არავინაა. ხალხში ფული არ არის. გუშინ ოთხი ვედრო გამოვიტანე, მაგრამ უკან წავიღე, ამ ფასადაც არავის უნდა. წესით, ერთი ვედრო 8 ლარი მაინც უნდა ღირდეს, რომ ადამიანმა დახარჯული თანხა ამოიღოს. ამდენი მოვლა უნდა: გასხვლა, შეწამვლა, დაკრეფა, დარჩენით კი არაფერი გვრჩება. შარშან რეალიზაციის კუთხით ცუდი მდგომარეობა იყო და წელსაც იგივე სიტუაციაა.“

ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს ქეთევან მღებრიშვილი.

„რეალიზაცია ძალიან ჭირს, დილიდან მყიდველს ველოდებით, თუ ვინმე მოვა და ერთნაირად ენდომება, მიგვყავს და ვაკრეფინებთ. მორჩეულს 80 თეთრს ვაფასებთ. ნასეტყვს კი საერთოდ ვერ ვყიდით. არადა, წელს იმდენჯერ იყო სტიქია ჩუმლაყში, მოსავალი სულ განადგურდა. ახაშენში არის ქარხანა, მაგრამ უხარისხოს არ იბარებს. რა უნდა ვქნათ, არ ვიცი, ალბათ, გადასაყრელი გაგვიხდება ყველაფერი.“

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ივანე ბასილაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, პროდუქტის რეალიზაცია არ შეფერხდება, რადგან ამისთვის ყველანაირი პირობა არსებობს.

„ჯერ საადრეო ჯიშებია და ცოტა იკრიფება. ერთი კილოს ფასი, ერთიდან ორ ლარამდე მერყეობს და ხარისხზეა დამოკიდებული. ატმის მოსავალის რეალიზაცია, ისევე როგორც გასულ წელს, ორგანიზებულად მიმდინარეობს. წელს ერთი პრობლემაა, უხვად მოსული სეტყვის გამო უხარისხო მოსავლის რაოდენობამ მოიმატა, მაგრამ ამასაც მოვაგვარებთ. სოფელ ჩუმლაყში შენდება წვენის ქარხანა, რომელიც მალე დასრულდება. მეპატრონის ინფორმაციით, პირველი ივლისისთვის გაიხსნება და უხარისხო პროდუქციას ჩაიბარებს. როგორც ვვარაუდობთ დაახლოებით 6-7 ათასი ტონის მიღებას შეძლებს. ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ატმის მოსავალი, ისევე როგორც გასულ წლებში, ორგანიზებულად დაბინავდეს. მასიური კრეფა დაახლოებით ათ დღეში დაიწყება და მოსახლეობას რეალიზაციის პრობლემა არ ექნება,“-აღნიშნა მან.

მისივე თქმით, წელს პროდუქციას ჩუმლაყის სამაცივრე ქარხანა ჩაიბარებს. გადასაწყვეტია ახაშნის სამაცივრე მეურნეობის საკითხი. ხარისხიანი პროდუქცია კი ქვეყნის შიგნითაც გაიყიდება და მის ფარგლებს გარეთაც გავა.
| Print |
FaceBook Twitter Google