საზოგადოება
"სოკრატე"- მომავლის ლიდერთა ასოციაციის მორიგი პროექტი
გურჯაანში, "მომავლის ლიდერთა ასოციაციამ“ მორიგი, ორდღიანი პროექტი "სოკრატე“ განახორციელა, რომელიც კონსტიტუციის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

პროექტის პირველი ნაწილი ქუჩის ლექციებს დაეთმო. დღის განმავლობაში, ასოციაციის წევრებმა, გურჯაანელ ფერმერებთან ერთად განიხილეს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება და მათთან ერთად შეაფასეს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის საკითხი.

გურჯაანის აგრარულ ბაზარში, ეთნიკურ უმცირესობებთან დიალოგი თანასწორობის საკითხებზეც გაიმართა. პროექტის ორგანიზატორები შეეცადნენ მოსახლეობის სტერეოტიპული შეხედულებების შეცვლას სხვადასხვა საკითხის მიმართ და მიაწოდეს ინფორმაცია კონსტიტუციის მნიშვნელობის შესახებ.

პროექტ "სოკრატეს" დასასრულს კი, გურჯაანის კულტურის ცენტრში საჯარო სკოლის მოსწავლეებმა "Open space technology" ფორმატის გამოყენებით, კონკურსის სახით განიხილეს საქმეები საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკიდან.  გამოვლინდა საუკეთესო პრეზენტაციის ავტორი და გუნდი, რომლებსაც  შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.



| Print |
FaceBook Twitter Google