საზოგადოება
უცხოელი სტუდენტების ქველმოქმედება გურჯაანში
დიდების მემორიალზე უკვე რამდენიმე დღეა სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელსაც ქალაქ ვენიდან ჩამოსული სტუდენტების ჯგუფი ასრულებს.

გიორგი ხარიტონაშვილი, სოფია გარნერი, ამანდა შპერგერი, მარსელ ებნერი, ლუკას ბენერი, დილაი თიურე, ნიკოლაუს კუკლაკისი, ვენის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები არიან. პროფესიით, ზოგი არქიტექტორი, მარკეტოლოგი და ინჟინერია.
როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ხარიტონაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ის და მისი მეგობრები ყველაფერს უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე აკეთებენ.
„ასოციაცია „ვეჟინის“ შემოთავაზების შემდეგ მე და ჩემმა არქიტექტორმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, დაგვეპროექტებინა ჯიხურების დიზაინი, სკამები. გვინდა აქაური ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და მემორიალის აქტივირებისათვის, რაღაც ახალი შეიქმნას, გაუმჯობესდეს. როგორც კი პროექტი დაფინანსდა, ყველამ ერთხმად გადავწყვიტეთ, ჩვენივე ხარჯით ჩამოვსულიყავით საქართველოში, სამუშაოები ჩაგვეტარებინა და ყველაფერი აგვეწყო ისე, როგორც დაგეგმარებაშია. ეს არის მეგობრების ჯგუფი, რომლებმაც საქმეში მთელი სული და გული ჩავდეთ. უკვე მეოთხე დღეა გაუჩერებლივ ვმუშაობთ. უნდა გავაკეთოთ ორი კოტეჟი, ორი გასაყიდი დახლი და სკამები. აქ საღამოობით ხალხი ამოდის და გვინდა თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო რაღაც შეფერხებები გვაქვს, თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება, 12 აგვისტოს გვინდა დასრულებული კოტეჯების გახსნას ადგილობრივებიც დაესწრნენ.“

ნიკოლას კუკლაკისი წარმოშობით ბერძენია და ვენაში სწავლობს, როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, საქართველოში პირველად არის და ქართული სტუმართმოყვარეობით უზომოდ კმაყოფილია.
„პროექტმა ჩემში ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. გამიჩნდა სურვილი, მეგობრებთან ერთად, ჩამოვსულიყავი და მონაწილეობა მიმეღო საქმეში, რომელიც ადგილობრივებს დაეხმარებოდა. ამავე დროს მექნებოდა შესაძლებლობა თქვენი ქვეყნის კულტურა გამეცნო. ძალიან მომწონს ქართული სტუმართმოყვარეობა, კმაყოფილი და მოტივირებული ვარ. საქართველოში კიდევ აუცილებლად ჩამოვალ. მინდა ლაშქრობაზე წავიდე და სხვა ქალაქებიც დავათვალიერო.“

მეგობრებთან ერთად ფიზიკურად მუშაობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სოფია გარნერი და მისივე თქმით, ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
„როგორც კი აქაური მოსახლეობის ეკონომიური პირობების შესახებ გავიგე, გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი და მათ სასარგებლოდ რაღაც გამეკეთებინა. ჩემი წვლილი შემეტანა მათთვის სასიკეთო საქმეში. სამსახურს და შრომას დიდი ძალისხმევით ვეკიდები, მსიამოვნებს და ეს ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან მომწონს საქართველო და კმაყოფილი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე.“

როგორც გიორგი ხარიტონაშვილმა აღნიშნა, ის და მისი მეგობრები მზად არიან ადგილობრივ მოსახლებას პროექტების განხორციელებაში მომავალშიც დაეხმარნენ.
„ ჩვენ შეგვიძლია მათ ნახაზები გავუკეთოთ, დეტალურად დავუთვალოთ ამა თუ იმ საქმისთვის რა რაოდენობის მასალა დასჭირდებათ, გავაკეთოთ დაგეგმარება. ასევე, თუ იქნება დაინტერესება, ჩამოვიდეთ და ადგილობრივებს პროექტის ფარგლებში გავუწიოთ ელემენტარული დახმარება: ავაშენოთ საქონლისთვის ფერმა, ქოხი და ა.შ. ამას ყველაფერს ანაზღაურების გარეშე გავაკეთებთ.“

შეგახსენებთ, რომ პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინის“ და იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მასზე 18 ათას ლარზე მეტი იხარჯება.
| Print |
FaceBook Twitter Google