საზოგადოება
ჯიმითის მოსახლეობა სიჩქარის შემაფერხებლების მოწყობას ითხოვს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის მოსახლეობის თქმით, მას შემდეგ, რაც სოფელში ასფალტი დაიგო, მძღოლები სიჩქარეს აღარ აკონტროლებენ, რის გამოც ავარიული სიტუაციები გახშირდა.

სწორედ ამიტომ, ისინი შიდა გზებზე სიჩქარის შემაფერხებლების მოწყობას ითხოვენ.
„დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. გადაჭარბებული სიჩქარის გამო, რამდენიმე თვის წინ მეოთხეკლასელი ბავშვი დაიღუპა. და-ძმა სკოლაში მიდიოდნენ და სწორედ იმ დროს დაეჯახათ მანქანა. ძმა გვერდით გადააგდო, მისი ტყუპისცალი კი რამდენიმე მეტრზე ათრია. ბიჭი გადარჩა, გოგო კი დაიღუპა. მინდა ყველას, ვისაც ეს ეხება, ვუთხრა, რომ გააკეთონ „ბუგაროკები“ ან დაამონტაჟონ კამერები, რომ ჯარიმის შიშით მაინც იარონ ნელა. ცხრა შვილიშვილი მყავს და გარეთ რომ ვუშვებ, მეშინია. “- გვეუბნება ნელი შავლიაშვილი.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზვიად ბიაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერების შესახებ, ჯიმითის მცხოვრებლებმა გამგეობაში განცხადება უკვე შეიტანეს.
„განცხადება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურში უკვე შემოსულია. მიმდინარეობს განხილვა. სოფლის მოსახლეობის მოთხოვნაა, 18 ლოკაციაზე გაკეთდეს სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერი. არის პატარა ნიუანსები, თვითონ სოფელში ზოგს უნდა ამის მოწყობა და ზოგს - არა. “
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

| Print |
FaceBook Twitter Google