საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 604 პირველკლასელი დარეგისტრირდა
2017-2018 სასწავლო წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირველ კლასში სწავლას 604 ბავშვი დაიწყებს.

როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა განმარტა, დადგენილი ვადების გარდა, პირველ კლასში დამატებით სამი მოსწავლე დარეგისტრირდა.
„ ვადებისაგან განსხვავებულ ვადებში მოსწავლის ჩარიცხვა კიდევ სამმა მშობელმა მოითხოვა. ეს ხდება მაშინ, როდესაც არის ობიექტური გარემოებები, არ ფიქრობდა მშობელი თავის დროზე მიყვანას და ა.შ. ტენდენცია იგივეა, რაც შარშან. გასულ წელს 607 ბავშვი დარეგისტრირდა და განსაზღვრულ ვადებში სამი დაემატა. ამ ეტაპისთვის ბუკები 604 ბავშვზე უკვე სკოლებშია. პროგრამა ჩატვირთულია. პროცესი უხარვეზოდ წარიმართა. შარშან იყო წუნის შემთხვევები, წელს ამ პრეტენზიით არც ერთ სკოლას არ მოუმართავს. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოები და რვეულები უკვე დარიგებულია. მინდა გითხრათ, რომ 80 პროცენტზე მეტი ახალია.“
დალი მინდიაშვილის თქმით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებში რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორციელდა:
I ეტაპი: 2017 წლის 10 აპრილიდან - 24 აპრილის ჩათვლით
II ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია
2017 წლის 8 მაისიდან - 1 ივნისის ჩათვლით და
III ეტაპი: 2017 წლის 19 ივნისიდან - 30 ივნისის ჩათვლით.


| Print |
FaceBook Twitter Google