საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა თელავში საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა თელავში საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა.  მინისტრს შტაბის წევრებმა ქვეყნის რეგიონებში ჩატარებული ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
გიორგი მღებრიშვილმა ხანძრის თითოეულ კერაზე ცეცხლის ლოკალიზების გეგმა განიხილა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებს, ხანძრის უმოკლეს დროში ეფექტური ლიკვიდირების მიზნით, ახალი დავალებები მისცა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, ყვარლის მუნიციპალიტეტში, შილდის ტყეში ხანძარი, ფაქტობრივად, ლიკვიდირებულია. ნახანძრალ ტერიტორიაზე, პრევენციის მიზნით, რჩება მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, რამდენიმე დღის განმავლობაში განახორციელებენ.

თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყეში უკვე დაფიქსირდა ხანძრის კერების ლოკალიზება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, ხანძრის ქრობის სამუშაოებს აგრძელებს. მეხანძრე-მაშველთა წყლით უზრუნველყოფა მთის ფერდობზე დამონტაჟებული ხელოვნური ავზების საშუალებით ხდება.

რაც შეეხება, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას ტყეს, აქ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობს ცოცხალი ძალა და 3 ერთეული საჰაერო ტექნიკა.



| Print |
FaceBook Twitter Google