საზოგადოება
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები დროებით მესამე სკოლაში ისწავლიან
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხვალ გურჯაანის #3 საჯარო სკოლაში მოუწევთ.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა განაცხადა, ორივე სკოლის ბავშვები პირველ ცვლაში ისწავლიან.
„ მესამე საჯარო სკოლის მეოთხე სართული და მესამე სართულის ნახევარი მთლიანად დაეთმოთ სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის ბავშვებს. მესამე სართული გადაიტიხრა. იქ ორი კიბეა. ერთი კიბით ერთი სკოლის, ხოლო მეორე კიბით მეორე სკოლის ბავშვები ისარგებლებენ. რაც შეეხება სპორტულ დარბაზს, სია ისე შეადგინეს, რომ გაკვეთილები ერთმანეთს არ დაემთხვევა. სოფელ გურჯაანში 360-ზე მეტი ბავშვი ირიცხება. ყველა მოსწავლე ხვალიდან სწავლას მესამე საჯარო სკოლაში დაიწყებს.“

მისივე თქმით,  სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნებათ და მათ ყოველდღიურად ტრანსპორტი მოემსახურებათ.

| Print |
FaceBook Twitter Google