საზოგადოება
ნაბიჯებით დათვლილი მანძილი მაღაზიამდე- უსინათლო მოხუცს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს
78 წლის ვალოდია კაკალაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ცხოვრობს. მარტოხელა, უსინათლო მოხუცი სოციალურ დახმარებას 2010 წლიდან იღებდა, 2017 წლის იანვარში კი შემწეობა შეუწყვიტეს.
როგორც თავად ამბობს, ერთი ძაღლის გარდა არაფერი ჰყავს, რომელსაც მარტოობის გასაქარვებლად მეგობარივით ესაუბრება. იმის გამო რომ მხედველობა საერთოდ დაკარგული აქვს, ბოსტანსაც რამდენიმე გულისხმიერი მეზობელი თუ დაუმუშავებს.

ეზოში პატარა ადგილს, მხოლოდ საბჭოთა დროინდელი მანქანა, ძველი „მოსკვიჩი“ იკავებს, რომელიც მისთვის წარსული დღეების სიმბოლო უფროა ვიდრე ფუფუნების საგანი.

მიმდინარე თვეს, პენსიიდან 100 ლარი წამლებში გადაიხადა, ნაწილი კომუნალურებში, რაც დარჩა, მომავალ პენსიამდე როგორმე უნდა იკმაროს.

ამბობს, რომ სახლში ყველაფერი ისევ ისეა, როგორც 2010 წელს, მაშინ როდესაც სოციალური დახმარება დაენიშნა, ამიტომ მისთვის გაუგებარია, რა მიზეზით შეუწყვიტეს შემწეობა.

-„პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ, თვალებიდან საერთოდ ვერ ვხედავ. არც ნაკვეთი მაქვს, არც საქონელი მყავს და არც ქათამი. 180 ლარი პენსია წამლის ფულად არ მყოფნის, თავი რით ვირჩინო?! ეზოში პატარა ბოსტანი მაქვს, მაგასაც ჩემი მეზობლები ამუშავებენ, აბა მე არაფერი შემიძლია. მოვიდნენ, შემამოწმეს და 82 000 ქულა მომივიდა. გურჯაანში სოციალურ სამსახურში მივედი, სადაც დამარიგეს, თუ არავინ გპატრონობს, სახლი ბანკში ჩადე, ფული გამოიტანე და ჭამეო. როცა ვკითხე სესხი როგორღა დავფარო-მეთქი, მიპასუხეს, თანხას ნუღა გადახდი, სახლს ბანკი გაგიყიდისო. როგორც მითხრეს, ქულები თბილისიდან მოვიდა, ჩვენი ბრალი არ არისო. მე თუ არ მეკუთნის დახმარება, აბა ვის უნდა მისცენ?!“

მაღაზიამდე 90 ნაბიჯია, უახლოეს მეზობლამდე 30. თუ ვინმე გამოელაპარაკა, თვლა აერევა და შესაძლოა, დანიშნულების ადგილს გასცდეს. შემდეგ ჯოხით იგნებს გზას, ეშინია არ შეეშალოს და თხრილში არ ჩავარდეს.
-„ხან ვის ვეხვეწები და ხან ვის, ან ექიმთან წამიყვანოს, ან კიდევ წამალი მაინც მომიტანოს. შვილები ცალკე ცხოვრობენ, თელავსა და თბილისში. მეუღლე 26 წელია, რაც დამეღუპა. ამ თვეში ერთი პარკი წამლები ვიყიდე, ხელით მოვსინჯავ რომელი უნდა დავლიო, შემდეგ მეორე პარკში ვალაგებ, რომ არ შემეშალოს.“

რა მიზეზით შეუწყვიტეს უსინათლო მოხუცს სოციალური დახმარება, ამ კითხვით საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მივმართეთ. საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროი ტატა გამყრელიძე ამბობს, რომ ვალოდია კაკალაშვილი 2017 წლის იანვრამდე სოციალური დახმარების მიმღები იყო. მას შემდეგ, რაც ის ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმდა, ისეთი სარეიტინგო ქულა მიიღო, რომელიც ფულად საარსებო შემწეობას არ ითვალისწინებს.

-„ მიმდინარე წელს ვალოდია კაკალაშვილი ორჯერ გადამოწმდა და ორჯერვე მაღალი სარეიტინგო ქულა მიენიჭა. დეკლარაციაში მითითებულია ყველა მონაცემი, რაც მან მიაწოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარმა სახლის სრულად აღწერის საშუალება სოციალურ აგენტს არ მისცა, რადგან განაცხადა, რომ სახლის ნაწილი მას არ ეკუთვნის და მისი შვილებისაა. დეკლარაციის მიხედვით მას 3 გარეთ მცხოვრები შვილი ჰყავს, რომლებიც მის პოტენციურ დამხმარეებად ითვლებიან.“

ხელახალი განაცხადის შეტანა ვალოდია კაკალაშვილს სოციალურ სააგენტოში დახმარების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ შეუძლია. მანამდე კი თვეში 180 ლარი პენსია წამლებზე, კომუნალურ გადასახადებსა და საკვებზე როგორმე უნდა გადაანაწილოს.
| Print |
FaceBook Twitter Google