საზოგადოება
ინდოელი არქეოლოგი, რომელმაც ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს მიაკვლია, გურჯაანის სამების ტაძარს ესტუმრა
დღეს, გურჯაანის სამების ტაძრიდან ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიაში საპატრულო პოლიციის თანხლებით წააბრძანეს.
სამების ტაძარს სტუმრობდა ინდოელი არქეოლოგი ნიზამუდინ ზაჰერი, რომელმაც დედოფლის წმინდა ნაწილები აღმოაჩინა.

-“ეს არის ჩემი მეორე ვიზიტი საქართველოში. დღეს მარტო არ მოვსულვარ, ჩემთან ერთადაა კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ჩემი თანამემულე. როგორც იცით დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის და შემდეგ ისევ ინდოეთში დაბრუნდება".

სამების ტაძარში იმყოფებოდა ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი დარბან პრაშერი.

„ექვსი წელია ჩართული ვარ, რომ დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველში ჩამობრძანებულიყო. დღეს სტუმრად გვყავს არქეოლოგი, რომელმაც ეს სიწმინდე აღმოაჩინა და დაამტკიცა, რომ ქეთევან დედოფალს ეკუთვნის.“

წმინდა დედოფლის ნაწილები სამების ტაძარში ორი დღის განმავლობაში იყო დაბრძანებული და ბევრმა ქრისტიანმა მოილოცა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, კახეთის დედოფალი ქეთევანი 1613 წელს შაჰ-აბასის ლაშქრობის დროს ტყვედ აიყვანეს. დედოფალმა უარი თქვა, შეეცვალა სარწმუნოება, რის გამოც 1624 წელს ის ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს. დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით კი, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ისინი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა, შემდეგ კი დაიკარგა.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები წაიღეს გოას წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტერში, ასევე, ვატიკანში და ბელგიაში. გოაში მდებარე მონასტერი მე - 19 საუკუნის დასაწყისში განადგურდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამეცნიერო ექსპედიციები ინდოეთში სხვადასხვა დროს ეძებდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google