საზოგადოება
რა ზიანს აყენებს გარემოსა და მოსახლეობას უკანონო სანახშირე ორმოები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2017 წლის იანვრიდან დღემდე კახეთის რეგიონში უკანონო 25 სანახშირე ორმო აღმოაჩინა. აქედან, ერთი შემთხვევა თელავში დაფიქსირდა, ერთი გურჯაანში, ხოლო ყველაზე მეტი- 23 საგარეჯოში.
რა ზიანი ადგება გარემოს უკანონო ნახშირის მოპოვებით- ამ და სხვა საკითხებზე Speqtri.g-ს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს იურისტი გიორგი სურამლიშვილი ესაუბრა.

-„იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს გადაწყეტილი აქვს, ნახშირი აწარმოოს, ამისი ლეგალური გზა არსებობს. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწად უნდა გადააკეთოს, ტექნიკური ინვენტარიზაციის ანგარიში შეიმუშავოს და ჩვენს სამმართველოში წარმოადგინოს. ლიცენზიანტ ტყის დამამზადებელ კომპანიასთან გააფორმოს ხელშეკრულება და მხოლოდ მათგან შენაძენი საშეშე მერქნით მოახდინოს ნახშირის დამზადება. ჩვენ ვებრძვით კუსტარულ დანადგარებს. ასეთ შემთხვევაში არ არის შემუშავებული გარემოზე მავნე ზემოქმედების დაცვის მექანიზმი. არ აქვთ ტექნიკური ინვენტარიზაციის ანგარიში. კუსტარული დანადგარები ნებისმიერ ადგილასაა განთავსებული, ეს იქნება ტყე, საკუთარი სახლის ეზო, მოსახლეობასთან თუ კვების ობიექტთან ახლოს. ოქმის შედგენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექის 77-ე მუხლის პირველი ნაწილით ხდება, რაც ტექნიკური ინვენტარიზაციის ანგარიშის არქონას გულისხმობს. თუ შემთხვევის ადგილზე აღმოვაჩინეთ შეშა, ვადგენთ, არის თუ არა ეს ლიცენზიანტისგან ნაყიდი. თუ ასე არ არის, რა თქმა უნდა, ამაზეც შესაბამისი რეაგირება ხდება.“-ამბობს ის.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს იურისტის თქმით, ნახშირის უკანონოდ დამზადების დროს ჰაერში ნივთიერება CO ვრცელდება. ნახშირჟანგი ძლიერი საწამლავია. ის ორგანიზმში ჟანგბადის მიმოცვლას უშლის ხელს.

„ნახშრის უკანონოდ დამხადების დროს, ჭარბად გამომუშავდება co. აუცილებელია, ის სტანდარტები იქნას დაცული, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე. დაუშვებლია მომწამვლელი, მომგუდავი აირი ნებისმიერ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით გაიფრქვევოდეს ატმოსფეროში. უკანონო ნახშირის დამზადება კუსტარული წესით რამდენიმენაირად ხდება და ეს თავად პირის ფანტაზიის უნარზეა დამოკიდებული. მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ შემთხვევაში, მიწას ჭრიან 1 მეტრის სიღრმეზე, ფართობი დიდია, ზოგ შემთხვევაში, 30-მდეც კი. აფენენ ხე-მასალას, რომელსაც ცეცხლს უკიდებენ და ჰერმენტულად ხურავენ. ერთ საკვამურს უტოვებენ და სწორედ აქედან ამოდის co- მგუდავი აირი. თუ ეს ნივთიერება ისეთ ტერიტორიაზე მოხვდა, რომ ადამიანმა შეისუნთქა, სიკვდილს იწვევს.“-აღნიშნა მან.

გიორგი სურამლიშვილი ამბობს, რომ პირველ ჯერზე სამართალდამრღვევს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აფრთხილებს. თუ ის უკანონო საქმიანობას არ შეწყვეტს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის რაიონულ სამმართველოს ეგზავნება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ჯარიმა 500 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს.

იურისტის თქმით, უკანონო სანახშირე ორმოების ძირითადი, 99 % საგარეჯოზე მოდის. მისი განმარტებით, აღნიშნული მუნიციპალიტეტი თბილისთან უფრო ახლოსაა, ნახშირის ძირითადი რეალიზატორებიც იქიდან არიან, რადგანაც დედაქალაქში კვების ობიექტები მრავლადაა და გასაღების უფრო ფართო არეალია.

| Print |
FaceBook Twitter Google