საზოგადოება
მანქანის ტექდათვალიერების გარეშე მართვის შემთხვევაში მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება
მძღოლი, რომლის ავტომობილსაც დადგენილი წესით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარით დაჯარიმდება.

აღნიშნული ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტის ფარგლებში პარლამენტში უკვე შევიდა.
ცვლილებების თანახმად, ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართვად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, წარმოდგენილი ცვლილება გამოწვეულია ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმიდან, რომლის ფარგლებშიც 2018 წლის პირველი იანვრიდან გარკვეული კატეგორიის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულო გახდება.

განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული ცვლილება, თავის მხრივ, საჭიროებს უფრო ეფექტური, გაზრდილი ფულადი ჯარიმის დაწესებას, ვინაიდან დღეის მდგომარეობთ, არსებული ჯარიმის ოდენობა - ფიზიკური პირებისთვის 10 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 100 ლარი, მსგავსი მნიშვნელობის მქონე სამართალდარღვევისთვის ძალიან დაბალია.


| Print |
FaceBook Twitter Google