საზოგადოება
კახეთში 216 ცალი ე.წ. „ჭკვიანი“ ვიდეო კამერა დამონტაჟდება
სულ მალე კახეთში მოძრავი ავტომობილების სიჩქარე ყველა მუნიციპალიტეტში სპეციალური რადარებით გაკონტროლდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის განცხადებით, მოწყობილობების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 160 ათასი ლარი გაიხარჯება.
„წლის დასაწყისშივე დაგეგმილი უნდა ყოფილიყო 160 ათასი ლარის რადარის შეძენა, მაგრამ შუა წელში ვიყიდეთ 16 ცალი, რაშიც 60 ათასი ლარი გადავიხადეთ. წლის ბოლომდე კიდევ 68 რადარი უნდა შევიძინოთ. ჩვენ ვყიდულობთ საქონელს, ხოლო სად უნდა განთავსდეს, კოორდინატებს შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაზღვრავს.“

კითხვით როდის და სად დამონტაჟდება სისწრაფის მაკონტოროლებელი რადარები, ოფიციალური დოკუმენტით შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წლისთვის კახეთის რეგიონში დაგეგმილია 216 ცალი ე.წ. ,,ჭკვიანი" ვიდეო კამერის ინსტალაცია, რომელიც უზრუნველყოფს ავტომატურ რეჟიმში საგზაო მოძრაობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფიქსაციას. ე.წ. „ჭკვიანი“ ვიდეო კამერები ცენტრალურ მაგისტრალებზე განთავსდება.


| Print |
FaceBook Twitter Google