საზოგადოება
ლაგოდეხში „მეწარმეთა აკადემია“ გაიხსნა
ლაგოდეხში ახალგაზრდული ტრენინგ-ცენტრი „მეწარმეთა აკადემია“ ოფიციალურად გაიხსნა.
ტრენინგ-ცენტრის მენეჯერის თინათინ ტაბატაძის განცხადებით, ცენტრი შეიქმნა ორგანიზაცია „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd), ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს დაინტერესებულ ახალგაზრდებს დაეხმაროს დასაქმებისათვის მზაობის, მეწარმეობის და ფინანსური წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაში.

„ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ერთ-ერთი პროგრამის „ფულზე მეტი“- საჩვენებელი გაკვეთილი, რომელსაც ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ქალბატონი ელიზაბეთ რუდი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს,“ საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები. ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამების კურსდამთავრებულებს და ტრენერებს გადაეცათ სერტიფიკატები. ა(ა)იპ „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ არის „ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს“ პროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაცია საქართველოში. მისი მიზანია მოამზადოს ახალგაზრდები გლობალურ ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად.“

თინათინ ტაბატაძისავე განამარტებით, ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამები სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, შეესაბამება სამეწარმეო კომპეტენციების ევროპულ ჩარჩოს და აღიარებულია ევროპის ტრენინგ ფონდის მიერ (ETF).  „ჯუნიორ ეჩივმენტის“ ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამების ქართულ ენაზე თარგმნა-ადაპტაცია უზრუნველყო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd), ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამამ.


| Print |
FaceBook Twitter Google