საზოგადოება
ისრაელში VI საუკუნის ქართული ეკლესიის მოზაიკა აღმოაჩინეს
ისრაელში, ქალაქ აშდოდში არქეოლოგიური გათხრების დროს თელ-ავივისა და ლაიფციგის უნივერსიტეტების არქეოლოგების ჯგუფმა, მე-6 საუკუნის ქართული ეკლესიის მოზაიკური იატაკის ნაშთები აღმოაჩინეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, უნიკალური წარწერა იუწყება, რომ ეკლესია ქართველ ქრისტიანებს აუშენებიათ, რასაც მიუთითებს წელთაღრიცხვის განსაკუთრებული სისტემა, რომელსაც ძველ საქართველოში იყენებდნენ. მეცნიერების შეფასებით, წარწერა დაუზიანებლადაა შემონახული.

იატაკზე არსებული ბერძნული მემორიალური წარწერა ეპისკოპოს პროკოფის ეძღვნება, რომელსაც ეკლესია აუგია. მშენებლობის თარიღი კი მოზაიკაზე ქართული კალენდრის მიხედვითაა დატანილი.

მეცნიერების გუნდის შეფასებით, თარიღი, რომელიც წელთაღრიცხვის განსაკუთრებული სისტემითაა აღნიშნული, ქრისტეშობიდან 539 წელს შეესაბამება. ეს აღმოჩენა ქართული კალენდრის უძველესი ნიმუშია.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ეკლესიის მოზაიკური იატაკის აღმოჩენა კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იბერის გავლენას ისრაელის სანაპირო ქალაქზე.


| Print |
FaceBook Twitter Google