საზოგადოება
დარჩება თუ არა შენობის გარეშე კაჭრეთის ზონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის ზონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა კერძო ბინაშია განთავსებული. როგორც კაჭრეთის დეპუტატი საკრებულში გივი რამაზაშვილი ამბობს, მეპატრონე შენობის დაცლას ითხოვს.
დეპუტატმა საკრებულოს სესიაზე დააყენა საკითხი, რომ 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გამოიყოს 10 000 ლარი. მისი თქმით, ეს თანხა სოფელ კაჭრეთში სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ყოფილი პოლიციის შენობის რეაბილიტაციას მოხმარდება, სადაც სასწრაფო სამედიცინო დამხარების სამსახური განთავსდება.

-„აღნიშნული ბრიგადა დაახლოებით 12 სოფელს ემსახურება. წლების განმავლობაში კერძო ბინაში იმყოფებიან და ქირას იხდიან. ხალხმა რომ ნახოს, როგორ პირობებში უწევთ ყოფნა, გაუკვირდება. საკრებულომ მერიას კაჭრეთის პოლიციის ყოფილი შენობა უზურფრუქტით გადასცა. შენობის გარემონტება ვერ მოხერხდა, იქ რომ გადასულიყვნენ. როგორც ვიცი, ბინის მესაკუთრემ ქირა გაზარდა, მალე ტერიტორიასაც დაატოვებინებთ. ასე რომ, სასწრაფო დახმარება ფართის გარეშე რჩება. სესიაზე დავაყენე საკითხი, რომ გამოიყოს 10 000 ლარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდეს პოლიციის ყოფილ შენობას, რათა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პერსონალი ნორმალურ პირობებში იყოს.“ -აღნიშნა speqtri.ge-სთან გივი რამაზაშვილმა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, ამ თემასთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან და აღნიშნულ საკითხზე მსჯელობენ.

-„მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ეფექტურად მუშაობის მიზნით, მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა. შემოვიდა სამი ახალი მანქანა, რომელთაგან ერთი კაჭრეთის ზონას გადაეცა. რაც შეეხება ექიმების სამუშაო გარემოს, საკითხი საკრებულოს სესიაზე დეპუტატმა დააყენა და მერიაც იცნობს. პირველი ამოცანა სახელმწიფოს მხრიდან იყო ის, რომ თვითონ სასწრაფო დახმარება ოპერატიულად გასულიყო მოქალაქეების გამოძახებებზე. მეორე რიგის ამოცანა იქნება ექიმების კაბინეტის უკეთესად მოწყობა, რაზეც მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს.“- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერიის პრესასთან და საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზვიად ბიაშვილმა.

Speqtri.ge-მ ამ საკითხთან დაკავშირებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურსაც მიმართა, თუმცა მათ კომენტარი არ გააკეთეს.

| Print |
FaceBook Twitter Google