საზოგადოება
გურჯაანში კვების ექვს ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
6 დეკემბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე საზოგადოებრივი კვების ექვს ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა და 1000 ლარით დააჯარიმა.
კონკრეტულად რომელ ობიექტებში აღმოჩნდა დარღვევები, სააგენტოში ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. თუმცა speqtri.ge-სთვის სამი მათგანის ვინაობა ცნობილია. ესენია: კაფე „ზოდიაქო“, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ლუდის ბარი და სოფელ კაჭრეთში მდებარე რესტორანი „ჩემპიონი.“

-„ძირითადად დარღვევები იყო ის კრიტიკული შეუსაბამობები, რომელიც საწარმოო პროცესის შეჩერებას და 1000-ლარიან ჯარიმას ექვემდებარება. ძირითადად შეუსაბამობები ეხებოდა იმას, რომ იატაკი, ჭერი და კედლები არ იძლეოდა სრულყოფილად რეცხვა-დეზინფიცირების შესაძლებლობას, აღჭურვილობის ნაწილი იყო კოროზირებულ მდგოამრეობაში. არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე მიეცათ გონივრული ვადა, რომელიც მეწარმესთან შეთანხმებით დგინდება. მაგალითად, თუ არ არის ვენტილაცია, პლაფონი არ აქვს გასანათელებელ მოწყობილობას.
რაც შეეხება კრიტიკულ შეუსაბამობებს, ამაზე გონივრული ვადა არ გაიცემა. მეწარმეზეა დამოკიდებული, რა ვადაში აღმოფხვრის ხარვეზებს. საწარმოო პროცესი გაჩერებულია მანამ, სანამ მეწარემეები არ მოგვმართავენ განცხადებით დარღვევების გამოსწორების შესახებ. შემდეგ, პროცედურულად დაიგეგმება გადამოწმება, ადგილზე შეფასდება სიტუაცია. თუ ყველა კრიტიკული შეუსაბამობა აღმოფხვრილია, ჩვენ გავცემთ ნებართვას საწარმოო პროცესის განახლების შესახებ.“- აღნიშნა speqtri.ge-სთან სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ნანა ახალმოსულიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა ობიექტებზე ინსპექტირებებს აგრძელებს.

| Print |
FaceBook Twitter Google