საზოგადოება
საქართველოში 9 თვის განმავლობაში 22 ქალი მოკლეს
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში გამართა.

სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა 2017 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ "ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება, ასევე, ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და დაცვის ღონისძიებების გამოყენების მაჩვენებლის გაზრდა.

ლომჯარიას თქმით, გაზრდილი მიმართვიანობის ფონზე კვლავ პრობლემურია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის რის­კის შეფასება და დამცავი მექანიზმების აღსრულების ეფექტიანი მონიტორინგი. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში 22 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 13 ოჯახში ძალადობის პირობებში იყო ჩადენილი.

„ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ ბევრი ქალი ითმენს ძალადობას, სწორედ ეკონომიკური დამოუკიდებლობის არ არსებობის გამო. სათანადოდ არ გვესმის ქალთა ხმა, მათი საჭიროებების, პრობლემების შესახებ. ვერ ვხედავთ ქალებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს და უპირველესად, სწორედ ამ მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ ერთობლივი ძალისხმევა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.


| Print |
FaceBook Twitter Google