საზოგადოება
გურჯაანის საბავშვო ბაღებისთვის ცეცხლმაქრები შეიძინეს
სახანძრო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გურჯაანის საბავშვო ბაღებს 106 ცეცხლმაქრი გადასცეს.


როგორც ჩვენთან საუბარში სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, ცეცხლმაქრები შენობის კვადრატულობის მიხედვით გადანაწილდა.
„ საბავშვო ბაგა-ბაღებში აუცილებლად უნდა იყოს განთავსებული ცეცხლმაქრები. ჩვენ, სახანძრო სამსახურთან ერთად დეტალურად გავიარეთ ბაღების მიხედვით, სად რამდენი იყო საჭირო და 37 ბაღისთვის 106 ცეცხლმაქრი შევიძინეთ. მათ ხუთწლიანი გარანტია აქვთ. შენობის ფართობის მიხედვით ზოგ ბაღში ორი, ზოგან კი ექვსი განთავსდა.“

მისივე თქმით, მომავალი წლიდან საევაკუაციო გეგმების განახლებას აპირებენ.
„ ამ ეტაპზე საევაკუაციო გეგმა ყველა ბაღში გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, განვაახლოთ პროფესიონალურ დონეზე. ამისთვის შესაბამის საპროექტო სამსახურთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას. ახალ გეგმაში იქნება სპეციალური მაჩვენებლები, პირობითი ნიშნები და ა.შ.“
ლელა თევდორაშვილის თქმით, ცეცხლმაქრებისთვის სულ 5 400 ლარი გაიხარჯა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებს რეგულარულად ამოწმებს. როგორც speqtri.ge-ს უწყებაში განუცხადეს, მიმდინარე წელს რამდენიმე ტიპის დარღვევა გამოიკვეთა. კერძოდ: საევაკუაციო გეგმა არ არის თვალსაჩინო ადგილას განთავსებული, სათადარიგო გასასვლელები ჩახერგილია, შენობებში არ არის საკმარისი რაოდენობის ცეცხლმაქრი სისტემები და საშუალებები
| Print |
FaceBook Twitter Google