საზოგადოება
რა განთავსდება გურჯაანში შადრევნის ნაცვლად



გურჯაანის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე შადრევანი აქტუალურობას არ კარგავს. მოსახლეობის აზრი უცვლელია და ისინი, დემონტაჟის მომხრენი არიან. ჩვენ დავინტერესდით რას ფიქრობს ამ საკითხზე ახლადარჩეული მერი და მოხდება თუ არა შადრევნის დემონტაჟი.

როგორც ჩვენთან საუბარში არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, საკითხი დღის წესრიგში უკვე დგას და მასზე მუშაობა დაწყებულია.
„უმოქმედო შადრევანი არა მარტო ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა, არამედ „პაპას ბაღსა“ და ე.წ. „ბებოს ბაღშიც“. ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარე შადრევანს რაც შეეხება,აუცილებლად დავინტერესდებით, რა პირობებით აშენდა, რა მოვალეობა და ვალდებულებები იყო ჩადებული თავის დროზე. ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია პროექტი განხორციელდეს არა ფორმალურად, არამედ ფუნქციონირებისთვის და ქალაქის სილამაზისთვის. მე არ მახსოვს და ალბათ არც სხვას, რომ ამ შადრევანს თავისი ფუნქცია შეესრულებინოს. ამიტომ ვფიქრობთ, უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი და გაკეთდეს რაღაც ახალი. “

არჩილ ხანდამაშვილი იმედოვნებს, რომ ეს პროცესი დიდ თანხებთან არ იქნება დაკავშირებული.
„მცირე ფინანსებით გვინდა გურჯაანს, როგორც ღვინის ცენტრს, ეფექტური ფუნქცია შევძინოთ სკულპტურის სახით. ეს, რა თქმა უნდა, იქნება ლამაზი და აუცილებლად ქალაქზე მორგებული. ამ თემაზე უკვე მქონდა საუბარი მოადგილეებთან . გვაქვს იდეა, რომელსაც ბოლომდე მივიყვანთ. “

მისივე თქმით, მონახაზი უკვე არსებობს, დეტალებს კი პროფესიონალებთან გაივლიან.
| Print |
FaceBook Twitter Google