საზოგადოება
რატომ არ დაუჭირა მხარი გურჯაანის ბიუჯეტს „ევროპულმა საქართველომ“
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტს დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები იყვნენ.


ფრაქციის თავმჯდომარის ვალერი ბარნაბიშვილის განცხადებით, ბიუჯეტის ნაწილი „ქართული ოცნების“ პარტიულ ინტერესებს ხმარდება.
„ჩვენმა ფრაქციამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა, რადგან ხდება მისი არამიზნობრივად ხარჯვა. ააიპებ-ში დასაქმებული ჰყავთ საკუთარი მხარდამჭერები და დაფინანსების უმეტესი ნაწილი მათ ხელფასებში მიდის. მხარი არ დავუჭირეთ სოციალურ პაკეტს, მათ შორის ერთჯერად დახმარებას , რომელიც მმართველი გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ გამოიყენება. ასევე თანხა არამიზნობრივად ნაწილდება ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც.“

მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის თქმით, მომავალ ბიუჯეტში პრიორიტეტი ინფრასტრუქტურა და სოციალური სფეროა.
„ინფრასტრუქტურაზე 3 მილიონ 825 000, სოციალურზე კი მილიონ 300 000 ლარი დაიხარჯება, საიდანაც 11 პროექტი დაფინანსდება, მათ შორისაა სამედიცინო, ერთჯერადი დახმარებების, ახალშობილების, მრავალშვილიანთა და სხვა. ძირითადი მახასიათებლები ეს არის და მას დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.“

წელს საფინანსო დოკუმენტი 11 მილიონ 786 000 ლარით განისაზღვრა.


| Print |
FaceBook Twitter Google