საზოგადოება
თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით,  თემირლანის საქმეში ხელყუმბარა ხელოვნურად არის ჩადებული.
ადვოკატი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

"ბევრი მტკიცებულება გვაქვს, რომ მას სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარა არ ჰქონია. ერთ-ერთია სპეცოპერაციამდე რამდენიმე წამით ადრე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება. წამიერად არის მომხდარი კარის შენგრევა და სროლა. იგი ვერ მოასწრებდა ფიზიკურად სხვა მოქმედებას. სპეცრაზმელმა სიბნელეში დაინახა ტელეფონიდან წამოსული სინათლე და ამაზე მოახდინა რეაგირება.

თვითმხილველი არავინ არის. პირველ სართულზე დაკავებული იყო დედა და მამა. სპეცრაზმელები არ ელოდნენ რომ გვერდით ოთახში მისი და იმყოფებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ მამამისი შეიყვანეს ოთახში, ნახა, რომ ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი. იმისთვის, რომ ჩადენილი დანაშაული გაემართლებინათ, მათ თავისუფლად ჩადეს საქმეში ეს ხელყუმბარა.ზუსტად რა ეტაპზეა გამოძიება,  პასუხი არ მაქვს. მასალებს პირადად არ გავცნობივარ.

მოვითხოვეთ, რომ უშუალოდ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის მიენიჭებინათ დაზარალებულის სტატუსი, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ მოგვიწევს განცხადების შეცვლა და დედის ან მამის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, თუმცა ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხდეს მისი გადაკვალიფიცირება და გამოძიება გაგრძელდეს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით. არსებული მტკიცებულებების შეფასებით, პირდაპირ ვლინდება განზრახ დანაშაული",- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google