საზოგადოება
გურჯაანის სამების ტაძარში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები ერთი კვირა დარჩება
გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მოაბრძანეს.


როგორც ჩვენთან საუბარში სამების ტაძრის მღვდელმსახურმა მღვდელმა ვაჟა სონღულაშვილმა აღნიშნა, ხატები მათთან საგარეჯოს ეპარქიიდან გადმოაბრძანეს.
„ხატები შექმნილია მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით. მათი მოლოცვა და მოგზაურობა 2017 წლის 17 მაისიდან დაიწყო. ყველა ეპარქიაში თითო კვირა ჩერდება. ამ ხატებში ლოცვით გაერთიანდება ქართველი ერი და ბოლოს ივერიის ღვთისმშობლის ხატი დაივანებს მახათას მთაზე უკვე აშენებულ ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, ხოლო აწყურის ღვთისმშობელი თბილისის სამების საკათედრო ტაძარში. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოიღო მადლი, რომ ისინი ერთი კვირის მანძილზე ჩვენთანაც ყოფილიყო. ამ ხნის განმავლობაში გურჯაანი-ველისციხის ეპარქიიდან ჩამოვლენ მამები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ჩაატარებენ წირვა-ლოცვებს. რაც მთავარი და აუცილებელია, წირვის შემდეგ გურჯაანის თოჯინების თეატრში გაიმართება ლექციები, ასევე მოხდება ფილმის ჩვენება ამ ხატების ისტორიასთან დაკავშირებით. მრევლს შეუძლია მობრძანდეს და მოილოცოს.“

მისივე თქმით, 28 იანვარს წირვის შემდეგ ხატებს ბოდბის მონასტერში გადააბრძანებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google