საზოგადოება
რას გულისხმობს რეზერვის ახალი კონცეფცია – თავდაცვის სამინისტროს განცხადება
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონპროექტის თანახმად, ორი ტიპის რეზერვი შეიქმნება : აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო.
კონცეფციის მიხედვით, აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი და გაფორმდება კონტრაქტი 5 წლამდე ვადით, ხოლო 5 წლიანი პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო, რომელიც იქნება მისი წოდებრივი სარგოს 20%-ი, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქტიური რეზერვის სამსახური დაიყოფა სამ ნაწილად: შეიარაღებული ძალების რეზერვი; ტერიტორიული რეზერვი; სპეციალისტთა რეზერვი.

”შეიარაღებული ძალების რეზერვი უზრუნველყოფს სამხედრო ძალების შემადგენლობაში რეზერვისტის დაუყოვნებლივ ჩართვას, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერებასა და მხარდაჭერას; ტერიტორიული რეზერვი შეიარაღებული ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერას განახორციელებს, ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების გზით. ტერიტორიული რეზერვი იქნება შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში და ორგანიზებული იქნება ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიულ არეალს მორგებული ტერიტორიული რაზმებისგან; სპეციალისტების რეზერვი ახალი ნოვაციაა და დღეს არსებულ კანონმდებლობაში ანალოგი არა აქვს. მისი შექმნის მიზანია სამხედრო ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების გადაჭრა. მაგალითად კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ქვეყანას შეიძლება ემსახუროს საკუთარი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით, იქ სადაც მისი შრომა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის უფრო ეფექტური იქნება”, - აღნიშნულია კონცეფციაში.

რეზერვის მეორე ტიპი, სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით სავალდულოა და მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსებაა.

სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი (წელიწადში არაუმეტეს 45 დღე), ხოლო შრომის ანაზღაურება მიეცემა მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში. სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები, იარსებებს ელექტრონული სია და მათ გაწვევას და რაოდენობას განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების საჭიროებები.


| Print |
FaceBook Twitter Google