საზოგადოება
გურჯაანის ბაზარში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონულმა სამსახურმა გურჯაანის აგრარულ ბაზარში არსებულ ხორცისა და ყველის რამდენიმე განყოფილებას კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა.
ეს ინფორმაცია speqtri.ge-ს სააგენტოში დაუდასტურეს.

თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში ყველითა და ხორცითმოვაჭრეებმა აღნიშნეს,  მითითება საწარმოო პროცესის დახურვის შესახებ ჯერ არ მიუღიათ.

-"შემოიარეს, გვითხრეს სისუფთავე სათანადოდ არ არის დაცულიო, მაგრამ ვაჭრობა არ აუკრძალავთ.  ხორცი ყველანაირად უვნებელია, ლაბორატორიაში მოწმდება. ასფალტი თუ არის დასაგები, მე რა შუაში ვარ?"- გვითხრა იოსებ ჩიტოშვილმა. 

საწარმოო პროცესის შეჩერების ფაქტს არ ადასტურებს ბაზრის დირექტორი ლამარა აკოფაშვილი და ამბობს, რომ ოქმი ამის შესახებ ჯერ არ ჩაბარებიათ.

"გასულ წელს სურსათის უვნებლობის სამსახურმა ხუთჯერ მაინც გადაგვახდევინა ჯარიმა. ახლა დღეს, წლის დასაწყისში მოვიდნენ. ვეუბნებით, რომ ამ ბაზართან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ არ ითვალისწინებენ.
1000 ლარიანი ჯარიმა დაუწერიათ, ხვალ ალბათ ოქმი მოვა. საწარმოო პროცესი არავის შეჩერებია. როცა წავიდნენ მაშინ დამირეკეს, დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ ბაზარში მდებარე სახაჭაპურეებმა შეწყვიტონ ფუნქციონირებაო. მე გადავეცი, რაც მითხრეს. რა ვიცი, ხომ გეუბნებით, ყველზე და ხორცზე არაფერი დაწერილა, მაგრამ ოქმი რომ მოვა ვნახავთ. “- აღნიშნა ჩვენთან საუბარში ბაზრის დირექტორმა ლამარა აკოფაშვილმა.





| Print |
FaceBook Twitter Google