საზოგადოება
პოლიციას გამოვიძახებ - აკრძალვის მიუხედავად გურჯაანის ბაზარში ხორცი და ყველი მაინც იყიდება
გურჯაანის აგრარულ ბაზარში საწარმოო პროცესის შეჩერების მოუხედავად ყველი და ხორცი ისევ იყიდება. როგორც speqtri.ge-სთან ბაზრის დირექტორმა ლამარა აკოფაშვილმა აღნიშნა, მოვაჭრეები მოთხოვნას არ ითვალისწინებენ.

-„ოქმი მოგვივიდა, სადაც აღნიშნულია, რომ ბაზარში როგორც კრიტიკული, ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობებია. კერძოდ, ხორცისა და ყველის სარეალიზაციო სექციებში ხელსაბანი ნიჟარები არ არის უზრუნველყოფილი სასმელი წყლის მიწოდებით, იატაკი არ იძლევა დასუფთავებისა და დეზინფექციის საშაულებას, არ არის მოწყობილი დრენაჟი სისტემა, არ ხდება იმ საგნებისა და აღჭურვილობების დასუფთავება, რომელიც უშუალო შეხებაშია სურსათთან, ყველის რეალიზაცია ხდება ღია დახლებიდან. ამის გამო ყველისა და ხორცის სარეალიზაციო სექციებს შეუჩერდა საწარმოო პროცესი მანამდე, სანამ კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოსწორდება. სურსათის სააგენტომ 1000 ლარით დაგვაჯარიმა. დღეს განცადებაც გამოვაკარი, მაგრამ ისევ არ წყვეტენ ვაჭრობას. თუ ასე გაგრძელდა, პოლიციას გამოვიძახებ. თუ დაიკეტება სექციები, მეპატრონე ამბობს, რომ მაქსიმუმ ორ თვეში პირობები გამოსწორდება.“

მოვაჭრეები კი რეალიზაციის შეწყვეტას არ აპირებენ.

-„ხორცის რეალიზაციას ჩვეულებრივ გავაგრძელებთ. აკრძალვით სურსათის უვნებლობამ უნდა ამიკრძალოს ვაჭრობა, იქიდან ჩვენთან არავინ მოსულა და არ უთქვამს ჯიხური დაკეტეთო. სააგენტო ბაზრის ხელმძღვანელობას ედავება უსუფთაობას, ჩვენ რა შუაში ვართ?! ძაღლები თუ დარბიან, მე რა გავაკეთო, სახლში ხომ არ წავიყვან? ხორცისა და ყველის კი არა, უსუფთაობის გამო დააჯარიმეს. გააკეთონ ბაზარი, ჩვენ რას ვუშლით. ვაჭრობა რომ შევწყვიტოთ, მერე რა ვქნათ, უმეტესობას ბანკიდან კრედიტები გვაქვს აღებული. თუ დაკეტვაა, მთლიანი ბაზარი დაკეტონ, რატომ მარტო ხორცი და ყველი.“- ამბობს ილია ქევხიშვილი.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულმა სამსახურმა გურჯაანის აგრარულ ბაზარში არსებულ ხორცისა და ყველის განყოფილებას კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი 25 იანვარს შეუჩერა.

| Print |
FaceBook Twitter Google