საზოგადოება
კახეთის მუნიციპალიტეტებიდან მარტოხელა მშობლებს მხოლოდ ახმეტის მერია არ ეხმარება
ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის (HRDF) რეკომენდაციით, მარტოხელა მშობლებისთვის სხვადასხვა სახის დახმარება წელს კიდევ ექვსმა მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა.


არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წელს მარტოხელა მშობლებს საქართველოს მასშტაბით 75 ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 25 ეხმარებოდ, მათ შორის კახეთის შვიდი მუნიციპალიტეტიცაა. ესენია: დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ყვარელი, საგარეჯო, სიღნაღი, გურჯაანი, თელავი. პროგრამაში არ არის ჩართული მხოლოდ ახმეტა.

შვიდი მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული მიმართულებით გაწეული ხარჯი შემდეგნაირია:
დედოფლისწყარო – ელექტრო ენერგიის ან ბუნებრივი აირის დაფინანსება ყოველთვე 13-17 ლარის ოდენობით, ახლად დაბადებული ბავშვის მარტოხელა მშობლის დახმარება 300 ლარის ოდენობით ერთჯერადად.
ლაგოდეხი – ელექტროენერგიის დაფინანსება ყოველთვე 10 ლარის ოდენობით.
საგარეჯო – ერთჯერადი ფულადი დახმარება, კომუნალურები (დენი 5 ლარი, ზამთრის სეზონზე გათბობა 50 ლარი).
სიღნაღი – ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.
ყვარელი – ელექტროენერგიის საფასურის დაფინანსება ყოველთვე 8 ლარის ოდენობით.
გურჯაანი – ელექტროენერგიის საფასურის დაფინანსება ყოველთვე 8 ლარის ოდენობით.
თელავი – სადღესასწაულო დღეებში ფულადი ან სხვა საჩუქრები, ელექტროენერგიის თანადაფინანსება, ფინანსური და მედიკამენტებით დახმარება.

როგორც ჩვენთან საუბარში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა განაცხადა, სოციალურ სამსახურს ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს.
„ჩავატარებთ აღრიცხვას რაიონის მასშტაბით რამდენი მარტოხელა მშობელია და იქიდან გამომდინარე გავაკეთებთ დასკვნას, მომავალში რა სახის დახმარებას შევძლებთ ამ ადამიანებისათვის. წელს სოციალური პაკეტიდან გამოიყოფა მათთვის გარკვეული თანხა. მწირი ბიუჯეტი გვაქვს, ამიტომ ვერ გეტყვით რამდენი ლარი განისაზღვრება და რა კუთხით მოხდება მათი დახმარება. “

მისივე თქმით, ამ მიმართულებით თანხას 2019 წლის ბიუჯეტში აუცილებლად გაითვალისწინებენ.
შეგახსენებთ, რომ პროექტს „მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“ არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი უკვე ერთი წელია ახორციელებს. მისი მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.



| Print |
FaceBook Twitter Google