საზოგადოება
მე ვხდები იმის გარანტია, რომ მოვაჭრეებს პირადად დავაბრუნებ ახალგარემონტებულ კომფორტულ გარემოში -გურჯაანის მერი
გურჯაანის აგრარულ ბაზარში საწარმოო პროცესის შეჩერების მოუხედავად, ხორცითა და ყველით მოვაჭრეები მუშაობას მაინც აგრძელებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ისინი გუშინ მუნიციპალიტეტის მერს და მოადგილეებს შეხვდნენ.


შეხვედრა მცირე დარბაზში გაიმართა და მედიისთვის დახურული იყო. შეხვედრიდან გამოსულმა მოვაჭრეების ნაწილმა, მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, ნაწილმა კი აღნიშნა, რომ ისინი რეალიზაციის შეწყვეტას არ აპირებენ. როგორც მათ განმარტეს, ეჭვი აქვთ, რომ ბაზრის დაშლის შემდეგ მის ადგილას სხვა დანიშნულების ობიექტის მშენებლობა იგეგმება.

„უნდათ ბაზარი დაკეტონ და ჩვენი ოჯახები მშიერი დატოვონ. ყოველდღიური სესხი და ბანკები გვაქვს და ამით ვსულდგმულობთ ყველა. ეს არის შეფუთული თემა, თავიანთ სასიკეთოდ გაკეთებული. როგორც გავიგეთ, სასტუმროს აშენება უნდათ და ამიტომ გვიშვებენ. პროტესტის ნიშნად დარბაზი დავტოვეთ. “- აღნიშნა ქალბატონმა, რომელმაც სახელი და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.
ყველით მოვაჭრე არკადი ქადაგიშვილი, ბაზრის მოწესრიგების მომხრეა, თუმცა შემოთავაზებას მაინც ეჭვის თვალით უყურებს.
„ასე გვითხრეს, ბაზარი უნდა დაინგრას და ახალი აშენდესო. ჩემთვის ეს პოზიცია მისაღებია, ყველა მივესალმებით, ნორმალურ გარემოში ვიყოთ მყიდველიც და გამყიდველიც. კარგია, თუ ასე გაკეთდება, მაგრამ ღმერთმა ქნას ტყუილი არ აღმოჩნდეს. ალბათ ალტერნატიულ ფართს გამონახავენ, ამის პირობა მოგვცეს და ვნახოთ, რა იქნება. “

ბაზრის მეპატრონე ნუკრი ლიპარტაშვილი, რეკონსტრუქციის შემდეგ მოვაჭრეებს უკეთეს პირობებს ჰპირდება.
„პროექტის შეთანხმების შემთხვევაში, გვჭირდება ორი სრული თვე. ამ პერიოდში მთლიანად გაკეთდება ერთიანი სავაჭრო სივრცე, რომელიც გადახურული იქნება ჭერით. ტერიტორიაზე იქნება წყალი და ყველა საჭირო პირობები. მოვაჭრეებს ჰქონდათ იმის განცდა, თითქოს ჩვენ აქ რაღაც სხვას ვაკეთებდით. გარანტირებულად ვაცხადებთ, რომ აქ იქნება მხოლოდ ბაზარი და სხვა არაფერი. ქირა ბაზრის რემონტიდან გამომდინარე არ გაიზრდება. ადგილზე გადასახადი იქნება იგივე , ოღონდ ადმინისტრირება იქნება უფრო უკეთესი. დღესაც, რომ იყიდება ბაზარში ხორცი ეს არის დანაშაული. ვაშავებთ, მაგრამ ჩვენი ნების წინააღმდეგ ხდება. ამას რეაგირება უნდა მოჰყვეს სურსათის უვნებლობის მხრიდან. ჩვენ საკუთრებაში შედიან და ყიდიან ჩვენი ნების წინააღმდეგ, ეს რეალობა არის დღეს და უნდა დამთავრდეს. “

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განმარტა, აგრარული ბაზრის ადგილას სხვა არაფერი გაკეთდება და ამაზე პასუხისმგებელობას საკუთარ თავზე იღებს.
„ ძირითად საკითხებზე თითქმის შევთანხმდით. ბაზარი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. მოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს შევთავაზებთ. მათ აქვთ ინფორმაცია, რომ იქ სასტუმრო უნდა აშენდეს, რაც მტკნარი სიცრუეა. მფლობელებს ამის ნებართვას არავითარ შემთხვევაში არ მივცემ . მე ვხდები იმის გარანტია, რომ მოვაჭრეებს, რომლებსაც გადავიყვანთ ალტერნატიულ ფართში, პირადად დავაბრუნებ ახალგარემონტებულ კომფორტულ გარემოში. სასწრაფოდ მოსაგვარებელია ალტერნატიული ფართის საკითხი, რადგან სურსათის უვნებლობამ ბაზრის მეპატრონეებს ფუნქციონირების უფლება შეუჩერა. მფლობელები გვპირდებიან, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ორი თვე სჭირდებათ. “

რაც შეეხება ალტერნატიულ ფართს, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, მისი ადგილმდებარეობა ორ სამ დღეში გახდება ცნობილი. ამის შემდეგ მოვაჭრეებს ისევ შეხვდებიან და სიახლეს თვითონ გააცნობენ.

| Print |
FaceBook Twitter Google