საზოგადოება
1,46 ლარი კვებისთვის და 1500 ლარამდე გაზრდილი ააიპ-ის ხელმძღვანელის ხელფასი
ა.ა.ი.პ- ი „თანადგომის“ ახალი ხელმძღვანელის ზაზა ჯადუგიშვილის ხელფასი 700 ლარით გაიზარდა და 1500 ლარი შეადგინა. ასევე აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებაში გადავიდა, ააიპი „მუნიციპალური სერვისის“ კუთვნილი ავტომანქანა ნივა.


საკითხმა საკრებულოს დეპუტატებს შორის ხმაური გამოიწვია. საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ნატო გონგაძის განმარტებით, „თანადგომამ“ 44 ათასი ლარი მოითხოვა, თუმცა მათი დაფინანსება ამჯერად მხოლოდ 25 ათასით გაიზარდა, რაც სახელფასო ფონდში აისახება. მთლიანად ბიუჯეტმა 195 ათასი ლარი შეადგინა. „თანადგომას“ სულ 200 ბენეფიციარი ჰყავს. გონგაძის თქმით, თითოეული მათგანის კვების ხარჯი დღეში 1,46 ლარია.

ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს“, წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ 1500 ლარი ხელფასი ააიპის ხელმძღვანელისთვის საჭირო არ არის, იმ დროს, როცა ბენეფიციარების კვებაზე მინიმალური თანხა იხარჯება.
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, ვასილ უტიაშვილის თქმით, მათ მხარი არ დაუჭირეს ამ საკითხს, თუმცა ხმათა უმრავლესობით მაინც დადებითად გადაწყდა.
„ჩვენი მოთხოვნა იყო კონკრეტულად წარმოედგინათ რაში უნდა გახარჯულიყო ეს თანხა. როგორც აღმოჩნდა, თანხა მათი კომფორტისთვის იხარჯება. ახალი სუბსიდირების შედეგად, ხელმძღვანელის ხელფასი განისაზღვრა 1500 ლარით. ვერ ვხვდები რაღა მაინცდამაინც ამ ააიპ-ის ხელმძღვანელს გაეზარდა ხელფასი, როდესაც ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსს, რომელსაც ამდენი აღსაზრდელი აბარია, 950 ლარი აქვს. გარდა ამისა, ავტოსატრანსპორტო საშუალებაც გადაეცათ საჩუქრად, რომელსაც ალბათ, ისევ თავიანთი კომფორტისთვის გამოიყენებენ. ამის ფონზე არ იზრდება ბენეფიციარების კვების ხარისხი.“

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ხელფასის მომატების მიზანი ხელმძღვანელის მოტივაციის გაზრდა იყო.
„ჩვენ ვეძებთ კიდევ დამატებით თანხებს, ეს იქნება ბიუჯეტიდან, თუ სხვა ფონდებიდან, რომ გავზარდოთ და გავაუმჯობესოთ კვების რაციონი. გვაქვს ბევრი მოთხოვნილება ადამიანების მხრიდან, რომლებსაც მსგავსი მომსახურება სჭირდებათ. რაც შეეხება ხელფასის მატებას, ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს, უნდა იყოს მოტივირებული რომ გაცილებით უკეთ შეასრულოს თავისი მოვალეობა. მის წინამორბედს რა ხელფასი ჰქონდა, მაშინ როგორ იყო, სხვის მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ახლა ასეა საჭირო. ბატონი ზაზა იქნება, თუ სხვა ვინმე მოვა, ძალიან ყურადღებით და ფაქიზად უნდა მოეპყრას ამ ადამიანებს. მანქანაც იმიტომ არის საჭირო, რომ სახლში მოვემსახუროთ მათ, ვისაც არ შეუძლია აქ მოსვლა და ოპერატიულად მივართვათ საკვები. ადამიანი როდესაც ჩვენზეა დამოკიდებული, არ უნდა ვალოდინოთ.“

მისივე თქმით, ფონდებთან მოხდება მოლაპარაკება და აუცილებლად გაიზრდება ბენეფიციარტების კვების ხარისხი, ასევე ეტაპობრივად გაიზრდება მათი რაოდენობაც.
რაც შეეხება ოპონენტების კითხვას, რატომ არ გაეზარდა ხელფასი სხვა აიპიების ხელმძღვანელებს, არჩილ ხანდამაშვილი პასუხობს :
„ბაღში, ამჟამად, ვგეგმავთ სერიოზულ რეფორმას, როგორც კოსმეტიკური რემონტის, ასევე კვების კუთხით. მათაც აუცილებლად მოემატებათ ხელფასი, რადგან ბავშვების სიცოცხლე აბარიათ და ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ შესაბამისი, მაგრამ ნუ შევადარებთ ბაღების გაერთიანებას და „თანადგომას“ იმდენად, რამდენადაც ეს ააიპი ემსახურება ადამიანებს, რომლებსაც საჭმელი არ აქვთ. ამიტომ თავის სიმაღლეზე უნდა იდგეს სამსახურის უფროსი, რომ მათ არ მოაკლდეთ წუთითაც ის რაციონი, რაც განსაზღვრულია. რეფორმები „მუნიციპალურ სერვისშიც“ იგეგმება, ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაა, რომ წყალი ჰქონდეს ყველა სოფელს. ამიტომ ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სათანადო ხელფასი, რომ მივაღწიოთ შედეგს, სხვანაირად ვერ იქნება და ვერც პრეტენზია გვექნება იმაზე, რომ რამე შეიცვალოს. “

როგორც არჩილ ხანდამაშვილმა განმარტა, ყველა ააიპის ოპტიმიზაცია იგეგმება. თუმცა, დეტალებს მომავალში გააჟღერებს.

| Print |
FaceBook Twitter Google