საზოგადოება
იანვარში ყველაზე ნალექიანი კახეთის რეგიონი იყო
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ იანვრის კლიმატური დახასიათება გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, მიწისპირა ატმოსფერული ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურის გადახრამ მრავალწლიური ნორმიდან, საშუალოდ, +2.5, +3°C შეადგინა.



საშუალო ტემპერატურამ შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +7, +8°C-ის, აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე ტერიტორიაზე +1, +4°C, ხოლო მთაში და მაღალ მთაში -3, +1°C შეადგინა. ნორმასთან შედარებით ყველაზე მაღალი დადებითი გადახრები (+3.5, +4.5°C) ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და მთიან ტერიტორიაზე აღინიშნებოდა.

ჰაერის ტემპერატურის მაქსიმუმები, ძირითადად, თვის მესამე დეკადაში დაფიქსირდა და ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს +15, +17°C-ს კახეთში მიაღწია. ყველაზე დაბალი ტემპერატურები, ასევე, თვის მესამე დეკადაში აღინიშნა და სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიაზე იყო.
მინიმალური ტემპერატურა -12, -18°C-მდე დაეცა.

ყველაზე ნალექიანი იყო კახეთის რეგიონი, სადაც ნალექები ნორმალურ მნიშვნელობებს 2-3-ჯერ აღემატებოდა. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა (200-250 მმ) სანაპირო ზოლში მოვიდა, ხოლო ყველაზე მშრალი პირობები (20-35 მმ) ქვემო ქართლის ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

9 იანვარს მთელს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, აღინიშნა ძლიერი ქარები.ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იანვარი საკმაოდ თბილი იყო . 1960 წლიდან რიგით მე-7-ე ყველაზე თბილი იანვარი ქვეყნისთვის, დასავლეთ საქართველოსთვის კი რიგით მე-6-ე.
| Print |
FaceBook Twitter Google