საზოგადოება
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ლონდა თოლორაია უხელმძღვანელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ დეპარტამენტს ლონდა თოლორაია უხელმძღვანელებს, მის მოადგილედ კი მაკა ფერაძე დაინიშნა.
ლონდა თოლორაია წლების განმავლობაში საქართველოს პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

2013 -2016 წლებშიის იკავებდა ანალიტიკური სამმართველოს უფროსის პოზიციას, 2010 წლიდან კოორდინაციას უწევდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს, მათ შორის განრიდება-მედიაციის პროგრამას საქართველოს პროკურატურაში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და აქტიური მონაწილეობით საქართველოს პროკურატურაში დაინერგა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი, განხორციელდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა გადამზადება.

უწყების ცნობითვე, ლონდა თოლორაიას ინიციატივით, საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნა არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფები. მონაწილეობას იღებდა, დაკავებისა და პატიმრობის საკითხებზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით პროკურორთა გადამზადებაში. კოორდინირებას უწევდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურს და მათ საქმიანობას.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კი მაკა ფერაძე დაინიშნა, რომელიც 2017 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. წლების განმავლობაში, ის ამავე დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2016 წელს ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტს - ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს /