საზოგადოება
რადიოს მსოფლიო დღე და "ივრისის“ მნიშვნელობა იორმუღანლოს თემში
13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა. ამ დღის დაწესება ესპანეთის შემოთავაზება იყო, რომელიც იუნესკოს 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა.
ამ დღის აღნიშვნის მიზანი რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივის მიგება იყო.

დღეს საქართველოში 33 რადიოსადგურია, ზოგი კი ინტერნეტის საშუალებით მაუწყებლობს. მათ შორისაა სათემო რადიო „ივრისი“, რომელიც FM სიხშირეზე გასვლისთვის ლიცენზიის მოლოდინშია. „ივრისი“ მედიაპროდუქტს ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე ქმნის.

„რადიო არის ის საშუალება, რომელიც გეხმარება დაზოგო დრო, ანუ აკეთო საქმე, იმგზავრო ტრანსპორტით ან იჯდე სკვერში და პარალელურად მიიღო ინფორმაცია. ის სწორედ ამით არის გამორჩეული სხვა საინფორმაციო საშუალებებისგან. რაც შეეხება სათემო რადიო „ივრისს“, 2016 წელს დაარსდა, თუმცა, ამ დრომდე მხოლოდ ვების ფორმატში ფუნქციონირებს, რადგან FM მაუწყებლობაზე ლიცენზია ამ დრომდე არ მიგვიღია. კონკრეტულად „ივრისის“ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდ რადიო, ეს არის სივრცე, რომელიც ხელს უწყობს თემის მოსახლეობის ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში. მის ბაზაზე იმართება ტრენინგები და შეხვედრები იორმუღანლოში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე. ადგილობრივები მოუთმენლად ელიან, რადიოს მაუწყებლობას FM სიხშირეზე.“

იორმუღანლოს თემში რადიო „ივრისის“ მნიშვნელობაზე საუბრობენ ივრისის ჟურნალისტები თოზუ გულმამედოვა და ქენან ალიევი.
„ამ რადიომ ჩვენს თემში აზროვნება შეცვალა. ჩვენმა ხალხმა იცის, რომ მათი ხმა შეიძლება ყველამ გაიგოს, იციან, რომ თუ მათი უფლებები ირღვევა, ისინი მარტო არ არიან“- ამბობს თოზუ.

“ ივრისის“ საშუალებით მოსახლეობა ბევრად უფრო ინფორმირებული გახდა. ბევრი გვიხდის მადლობას იმისთვის, რომ ასეთი რადიო არსებობს, განსაკუთრებით კი ახლაგაზრდები.“- აღნიშნა ქენანმა.

სათემო რადიო „ივრისის“ დაარსების ინიციატია გაზეთ „სპექტრთან“ არსებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „მეცენატს“ ეკუთვნის, რომელსაც მხარი დაუჭირა ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველო". პროექტი 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო, შეირჩა და შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა რადიოს ოფისი.
სათემო მაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით საქართველოს მარეგულირებელ კომისიას „მეცენატმა“ ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში მიმართა. თუკი ორგანიზაცია აღნიშნულ განაცხადზე თანხმობას მიიღებს, სულ მალე იორმუღანლოს თემში სათემო რადიო FM სიხშირეზე იმაუწყებლებს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ივრისი / რადიო /