საზოგადოება
ვარდისუბანში მდებარე თეთრი გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბანში მდებარე VI-VII საუკუნეების თეთრი გიორგის სახელობის (დეკანოზური) ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ეკლესია აშენებულია VI-VII საუკუნეებში.

ეკლესია დეკანოზური კომპლექსია, რომელიც მოიცავს წმ. გიორგის სახელობის სამეკლესიან ბაზილიკას, მცირე ეკლესიის ნანგრევს და გალავანს.

“წმ. გიორგის ეკლესია (20×12.2 მ) სამეკლესიანი ბაზილიკაა. ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში, კონქის სატრიუმფო თაღში და სარკმელში გამოყენებულია შირიმი. მოგვიანებით გადაკეთებისას ნახმარია აგური. გადახურული იყო ცისფრად მოჭიქული ბრტყელი და ღარიანი კრამიტით. ტაძარი განახლებულია XVI საუკუნეში. განახლებისას ნახმარია აგური. ცენტრალური ეკლესია სიმაღლეში ორნახევარჯერ აღემატება სიგანეს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომლის შირიმით გამოყვანილი კონქი მხრებზე გადასულ სატრიუმფო თაღს ეყრდნობა. აბსიდის ღერძზე მაღალი თაღოვანი სარკმელი იყო გაჭრილი."-აღნიშნულია განცხადებაში.


| Print |
FaceBook Twitter Google