საზოგადოება
ახაშენში მდებარე ეკლესია დანგრევის საფრთხის წინაშეა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნიდან შვიდი კილომეტრით დაშორებული ხარისთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სავალალო მდგომარეობაშია.


მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის თქმით, ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია მე-12, მე-13 საუკუნით თარიღდება .
„ეკლესია საკმაოდ მიუვალ ადგილას მდებარეობს. ეს არის ნასოფლარი, რომელთანაც მისასვლელი გზა არ არსებობს, მხოლოდ საცალფეხო ბილიკია. გადმოცემით, ახაშნის მოსახლეობა იქიდანაა ჩამოსახლებული. ეკლესია მოვაკებულ ადგილზე მდებარეობს. კედლებს ბზარები აქვს და საკურთხეველში წყალი ჩაედინება. თუ დროულად არ შეკეთდა, შესაძლოა დაინგრას. მახლობლად ქვითკირით ნაშენი ძველი საცხოვრებელი სახლების საძირკვლებია შემორჩენილი, ასევე ყურძნის საწნახელები. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ აქ საუკუნეების წინ ხალხი ცხოვრობდა რომლებიც მისდევდნენენ მევენახეობას.“

მისივე განმარტებით ეკლესია მეცნიერების მიერ დღემდე შეუსწავლელია.
„ახაშნის მოსახლეობის ნაწილს არ აქვს ნანახი ეს ეკლესია. ასეთი ნასოფლარი ადგილები გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავლადაა. გვინდა, პირველ რიგში ეკლესიას მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მერის სახელით სათანადო დოკუმენტაცია შედგება და წერილობით მივმართავთ ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო განიხილავს საკითხს და გადაწყვეტენ აღნიშნულ ობიექტს მიენიჭოს თუ არა ძეგლის სატატუსი. ამის შემდეგ უკვე დადგება მისი რეაბილიტაციის საკითხიც. “

თამაზ მარკოზაშვილის თქმით, ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხუთი ობიექტის გაძეგლების თაობაზე მიმართეს და ამჟამად პასუხს ელოდებიან.



| Print |
FaceBook Twitter Google