საზოგადოება
გურჯაანის ობელისკები დარაჯის მოლოდინში - დამტვრეული და ლოთების თავშესაფრადქცეული ჯიხურები
გურჯაანში დიდების მემორიალზე განთავსებული ჯიხურები, რომელიც გასული წლის აგვისტოში, ავსტრიელმა სტუდენტებმა ადგილობრივ მოხალისეებთან ერთად გააკეთეს, დაზიანებულია.


როგორც მოსახლეობა ამბობს, იქ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები მიჰყავთ და ზოგჯერ ჩხუბიც ხდება.
„დიდების მემორიალი თითოეული გურჯაანელის სიამაყეა, გარდა ამისა, ბავშვებს აქ ვასეირნებთ სუფთა ჰაერზე, მეზობლად ვართ და სხვაგან სად წავიყვანოთ?! მაგრამ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სიტუაცია იმდენად ცუდია, ზრდასრულებიც კი ვერიდებით იქ გასვლას. მთელი დღის განმავლობაში მანქანებით ამოდიან, მოჰყავთ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები და ჯიხურში იკეტებიან, მოაქვთ ალკოჰოლური სასმელი და მერე მთვრალები ჩხუბობენ. ჯიხურების არც ერთ კარს საკეტი არ აქვს, ერთს მგონი კარი მოაძრეს კიდეც. გარდა ამისა, დამტვრეულია ფიცრებიც. მაშ რაიონის ხელმძღვანელობამ ამის შესახებ არაფერი იცის?!“- ამბობენ ისინი, თუმცა ვინაობის გასაჯაროება არ სურთ: „გვარი და სახელი რად გინდათ? ობელისკებზე მიდით და ყველაფერში თავად დარწმუნდებით.“

ადგილზე მისულებს, ზუსტად ის მდგომარეობა დაგვხვდა, რაც მოსახლეობამ აღწერა. ჯიხურები დაზიანებული და დაბინძურებულია, შიგნით ლუდის ბოთლები და სხვა ნარჩენები ყრია.
პროექტს, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული კონსტრუქციები გაკეთდა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინი“ იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მეორე ეტაპზე, დაგეგმილია სკამების მოწყობა და ტელესკოპის განთავსება. ასევე დაიდგმება საინფორმაციო ბანერები, სადაც იქნება მონაცემები გურჯაანში არსებული ღირშესანიშნაობების შესახებ.

„ვეჟინის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაურა ხარიტონაშვილმა განაცხადა, რომ ჯიხურების მოვლა-პატრონობაზე ამჟამად მერიაა პასუხისმგებელი.
„რაც უკვე გაკეთდა მერიას გადავეცით, მათ საკუთრებაშია და მოვლა-პატრონობაც მათი კომპეტენციაა. რაც შეეხება შემდგომ სამუშაოებს, გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი ტურისტული ტელესკოპის-ბინოკულარის შესაძენად და დასამონტაჟებლად. ჩემთვის გაუგებარი და აღმაშფოთებელია ასეთი ვანდალიზმი. ალბათ, საჭიროა დარაჯის-ზედამხედველის აყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფრის გაკეთებას აზრი არ აქვს.“

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ნოდარ შავკაციშვილმა აღნიშნა, ისინი ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე საქმის კურსში არიან და უახლოეს მომავალში შესაბამის ზომებს მიიღებენ.
„მას შემდეგ, რაც ჯიხურები ჩვენ გადმოგვეცა, მერია აპირებს მათ მოვლა-შენახვაზე იზრუნოს. ტერიტორიას დავასუფთავებთ და დაზიანებულ ჯიხურს შევაკეთებთ. გარდა ამისა, მოხდება საპირფარეშოს აღდგენაც, დავამატებთ გარე განათებას. “

მისივე თქმით, ეს ყველაფერი თვენახევარში გაკეთდება და ამის შემდეგ დარაჯსაც დანიშნავენ.


| Print |
FaceBook Twitter Google