საზოგადოება
გურჯაანში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა
კახეთში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება დაიწყო. 1300 სპეციალური დამჭერი ხაფანგი, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში განთავსდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, მონიტორინგის მეშვეობით მოხდება მავნებლის იდენტიფიცირება და გავრცელების არეალის დადგენა. შედეგების მიხედვით კი დაიგეგმება მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები.
„დღეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო კახეთის რეგიონში მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება. ეს არის სპეციალიზირებული ფერომონები. ისინი დამონტაჟებული იყო შარშანაც, მაგრამ მავნებელი არ დაფიქსირებულა. სისტემები განთავსდება არა მარტო კახეთის რეგიონში, არამედ სრულიად საქართველოს მასშტაბით და იქნება მუდმივი დაკვირვების ქვეშ. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო მიიღებს შესაბამის ზომებს. მავნებელს შეუძლია გაანადგუროს მოსავლის 90 პროცენტი.“

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სისტემა აღჭურვილია ჯიპიესით და მართვის ცენტრს ეცოდინება მონიტორინგის ზუსტი მონაცემები.
„რვავე მუნიციპალიტეტში მოხდება ფერომანების განლაგება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ზუსტად და დროულად დავადგინოთ აზიური ფაროსანას გამოჩენის შემთხვევები. პროცესში ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული და ფერმერებიც ინფორმირებულები არიან. იმ შემთხვევაში, თუ ფაროსანას გავრცელების საფრთხე აღმოჩნდა, საგანგებო ღონისძიებები განხორციელდება. ეს გულისხმობს დამატებით შეწამვლით პროცესს ვენახებსა და ბაღებში, თუ საჭიროება იქნება - ტყის პირა ადგილებსა და მინდორშიც.“

ფერმერის მიხეილ გოგიაშვილის განცხადებით, წინასწარი მონიტორინგი ნარგავების დაცვის საშუალებას მისცემთ.
„შარშან მავნებელი ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა. წინასწარ რომ მოდიან და ამ სისტემას ამონტაჟებენ, რა თქმა უნდა, კარგია, რადგან დროულად მოხდება მათი განადგურება. ვიცით, რომ ფაროსანა დიდი საშიშროებაა მწვანე ნარგავებისთვის. “

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 21 ათასი დამჭერი ხაფანგი-ფერომონი განთავსდა.
| Print |
FaceBook Twitter Google