საზოგადოება
დავით მესხიშვილი: "დემონტაჟზე ადვილი არაფერია, მაგრამ შესაძლოა ეს ფართი უკეთესად მოვიხმაროთ"


ქალაქ გურჯაანში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახლადაშენებული იუსტიციის სახლიდან რამდენიმე ნაბიჯში, ძველი მიწისქვეშა გადასასვლელი ნაგვისა და ანტისანიტარიის ბუდედაა ქცეული. თუ ყოფილი გამგებელი შოთა უტიაშვილი ამ პრობლემის გადაჭრას დემონტაჟით აპირებდა, მისი შემცვლელი მიუხედავად იმისა, რომ საკითხში ჯერ კიდევ ვერ ერკვევა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებისგან თავს იკავებს, სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ეძებს და მიიჩნევს, რომ ამ ფართის უკეთ გამოყენება შეიძლება. აღნიშნული ტერიტორია კერძო მესაკუთრემ სახელმწიფოს უსასყიდლოდ უკვე გადასცა.

არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი კომუნისტების დროს გაკეთდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავის დანიშნულებასაც ასრულებდა. იქვე მოწყობილი იყო კომერციული ფართებიც. თუმცა მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა და ეს ადგილი ნაგავსაყრელად იქცა. გარდა ამისა, გვირაბს გამვლელები საპირფარეშოდაც იყენებენ. სიტუაცია განსაკუთრებით აუტანელი ხდება ზაფხულში.
"სპექტრი" აღნიშნული პრობლემის შესახებ გასული წლის #12(311)-შიც წერდა, სადაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებელი შოთა უტიაშვილი ასეთ კომენტარს აკეთებდა: "აღნიშნული მიწისქვეშა გადასასვლელი სახელმწიფო საკუთრებაა. იქ არის ძველი მაღაზიები, აქედან ორ მათგანზე კერძო მესაკუთრის მოწმობაა გაცემული. ჩვენ ვფიქრობთ გვირაბის გაუქმებას, რადგან მართლაც ანტისანიტარიის ბუდეა და ხალხიც არ სარგებლობს დანიშნულებისამებრ. კერძო პირი ამ ფართს სახელმწიფოს გადმოსცემს, რის შემდეგაც მომდევნო თვეში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით მისი დემონტაჟი მოხდება და მიწით ამოივსება."

"სპექტრმა" მაშინ კერძო მესაკუთრესაც მიაკვლია, ვისზეც აღნიშნულ მიწისქვეშა გადასასვლელში 2 მაღაზია იყო რეგისტრირებული. მესაკუთრე, ტუბდისპანსერის დირექტორი გულოკო გონაშვილი ამბობდა, რომ ამ საკითხის შესახებ არავინ დაკავშირებია, თუმცაღა არც კომერციული ფართის სახელმწიფოსთვის გადაცემას აპირებს.
"ეს ფართი მეუღლემ წლების წინ 5 ათას მანეთად შეიძინა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემს საკუთრებაში გადმოვიდა. ამ ობიექტის დემონტაჟის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ და ისიც გაურკვეველია, რატომ უნდა გადავცე სახელმწიფოს. ამ საკითხის შესახებ ჯერჯერობით არავინ დამკავშირებია," _ აცხადებდა გულიკო გონაშვილი.

თუმცა, სულ სხვა სიტუაცია გამოიკვეთა, როდესაც იგივე საკითხზე მას კიდევ ერთხელ ვთხოვეთ კომენტარი. "მართალია, შარშანდელ კომენტარში ვამბობდი, რომ ამის შესახებ საქმის კურსში არ ვიყავვი, მაგრამ მას შემდეგ ეს მაღაზიები სახელმწიფოს გადავეცი, ვაჩუქე. საბუთები ჩემმა შვილმა გააფორმა და პროცედურებიც მანვე მოაგვარა. ეს ფართი დღეს უკვე იურიდიულად სახელმწიფოს მფლობელობაშია," _ გვითხრა ტუბდისპანსერის დირექტორმა.

გასულ წელს აღნიშნულ თემის გაშუქების გამო, ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან "სპექტრმა" საყვედურები დაიმსახურა, თუმცა, გამგებლის დაპირების მიუხედავად, სტატიის გამოქვეყნებიდან ერთი წლის შედეგად კი, მოსახლეობა კვლავ ამ პრობლემის შესახებ საუბრობს. ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა მთელი გულისწყრომა გაზეთ "სპექტრის" მისამართით გამოხატა და პასუხისმგებლობაც ჩვენ დაგვაკისრა. "რატომ უნდა გითხრათ სახელი და გვარი? ანდა რა აზრი აქვს ჩემს სიტყვებს. შარშანაც იყავით და დაწერეთ, შეიცვალა რამე? ისევ იგივე მდგომარეობაა. ისევ გვჭამენ კოღოები და ვირთხებიც ლამის სახლში შემოგვიცვივდნენ. რატომ არაფერი მოიმოქმედეთ, მარტო დაწერეთ?" _ გვითხრა გაბრაზებულმა მოქალაქემ.

აღნიშნულმა ტერიტორიამ სტრატეგიული მნიშვნელობა განსაკუთრებით მას შემდეგ შეიძინა, რაც აქ იუსტიციის სახლი აშენდა. ამ ფაქტმა მოსახლეობის გარკვეული ნაწილს კი იმედი ჩაუსახა.
"იუსტიციის სახლის აშენება ამ ადგილს, ალბათ, გარკვეულ პრივილეგიას შესძენს. ხელისუფლება ეხლა მაინც მიხედავს აქაურობას და ჩვნც გვეშველება. იმედია, მიწისქვეშა გადასასვლელს არ გააუქმებენ. რატომ უნდა ამოავსონ და ამოქოლონ, როცა მართლაც ქმნის ქალაქის გარკვეულ იერსახეს," _ აღნიშნა "სპექტრთან" კომენტარში თავისუფლების ქუჩის ერთ-ერთმა მკვიდრმა.

უკმაყოფილება ჩვენთან საუბარში ავტოსადგურის ტერიტორიაზე განლაგებული ბიზნესობიექტების წარმომადგენლებმაც გამოთქვეს. კომპიუტერული მომსახურების ცენტრის თანამშრომელმა ლიკა გომშიაშვილმა გვითხრა, რომ ნაგვის სუნი და სიცხის შედეგად მომრავლებული მწერები არამარტო მათ, არამედ კლიენტებსაც აწუხებთ. მან "სპექტრის" საშუალებით დახმარება ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვა. "ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ზაფხულია და აქ მუშაობა ალბათ გაუსაძლისი გახდება. იმედია, ხელისუფლება ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებს და ან დემონტაჟს მოახდენენ ან გაასუფთავებენ," _ აღნიშნა ლიკა გომშიაშვილმა.

პრობლემაზე ისაუბრა ავტოსადგურის დირექტორმა ნიკო გელიტაშვილმაც. მისი თქმით, ცდილობს სადგურის ტერიტორია მოწესრიგებული და დასუფთავებული იყოს, თუმცა მიწისქვეშა გადასასვლელს ვერაფერი მოუხერხა. "დიდი ხანია ამ საკითხის მოგვარებას ვითხოვთ. ნაგვის ბუდედაა ქცეული. იმედია, ამ პრობლემას იუსტიციის სახლის აშენების შემდეგ მაინც ეშველება," _ გვითხრა ნიკო გელიტაშვილმა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით მესხიშვილმა "სპექტრთან" საუბარში განმარტა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეები კმაყოფილები იყვნენ. "თვითონაც კარგად ხედავთ ამ ტერიტორიაზე პირობები შეიცვალა, აშენდა იუსტიციის სახლი, გარემო აშკარად განსხვავებულია. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. არ მინდა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღო. ერთ-ერთი ვერსია მისი დემონტაჟია, თუმცა ალტერნატიულ ვარიანტებსაც განვიხილავთ. არ მინდა, ეს იყოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ჩემი სურვილია, სპეციალისტებთან ერთად ყველასათვის მისაღებ, მოსახლეობისთვის, ხალხისთვის მოსაწონ ვერსიაზე შევჩერდეთ. დემონტაჟზე ადვილი არაფერია, მაგრამ შესაძლოა ეს ფართი უკეთესად მოვიხმაროთ. ვეცდებით რომ ქალაქის განვითარებისათვის ყველაფერი მაქსიმალურად გამოვიყენოთ და შემდგომისთვის საქმე არ გავირთულოთ," _ გვითხრა დავით მესხიშვილმა.

თუ მისი წინამორბედი შოთა უტიაშვილი ამ პრობლემის გადაჭრას მარტივი გზით, დემონტაჟით აპირებდა, ახალი გამგებელი სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ეძებს და მიიჩნევს, რომ ამ ფართის უკეთ გამოყენება შეიძლება. მოსახლეობა და მომსახურების ცენტრის თანამშრომლები იმედს იტოვებენ, რომ ადგილობრივი ხელმძღვანელობა ახალი თავკაცის თაოსნობით პრობლემას წელს მაინც გადაჭრის და მათ უშედეგო ბრძოლას მწერებისა თუ მღრღნელბის წინააღმდეგ ეხლა მაინც მოეღება ბოლო.
| Print |
FaceBook Twitter Google