საზოგადოება
ეროვნულ გამოცდებზე 30 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 30 000–ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.

გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით,რეგისტრაციის პირველი ეტაპის სრულად გავლა აუცილებელია და აბიტურიენტები ყურადღებით უნდა იყვნენ.
„პირველ რიგში, აბიტურიენტებმა აუცილებლად უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ამაში იგულიხმება იმ აუცილებელი ველების შევსება, რომლებიც რეგისტრაციისთვის არის საჭირო. უნდა აირჩიონ საგამოცდო ქალაქი. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ 30 მარტის შემდეგ საგამოცდო ქალაქს ვეღარ შეცვლიან აბიტურიენტები და რეგისტრაციასაც ვეღარ გაივლიან. თუმცა დანარჩენი ყველაფრის შეცვლა შეეძლებათ. მე ვგულისხმობ არჩევანს. არჩევანი ეხება საგამოცდო საგანს და საგნებს, ასევე უმაღლესი სასწავლებლებსა და იმ პროგრამებს, სადაც მათ სწავლის გაგრძელება სურთ. ეს ეტაპი დასრულდება 15 მაისს და ამის შემდეგ მათ აღარ შეეძლებათ საგამოცდო საგნის, ან საგნების ცვლილება ასევე საგამოცდო ენის ცვლილება, თუმცა 15-აგვისტომდე მათ ექნებათ დრო, შეცვალონ სასწავლებლების და პროგრამების არჩევანი.“

მისივე თქმით,  აბიტურიენტებმა სრულად უნდა გაიარონ რეგისტრაცია და დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი მონაცემები ასახულია ბაზაში.
„ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდგომ, მათ ავტომატურად მისდით შეტყობინება მითითებულ ამა თუ იმ ელექტორნულ მისამართზე. თუ შეტყობინება ვერ მიიღეს, ეს იმას ნიშნავს რომ რეგისტრაცია დასრულებული არ არის და, დიდი ალბათობით, დაავიწყდათ შენახვის ღილაკზე თითის დაჭერა. აი, ამას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება და უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ 30 მარტის 6-საათამდე მათ სრულად გაიარეს რეგისტრაცია“, – განმარტა მაია მიმინოშვილმა.

მაია მიმინოშვილის თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც აბიტურიენტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ, ცნობარში გასატარებელი ცვლილებებია, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია–აკრედიტაციასთან არის დაკავშირებული.
„წინა წლებში, აბიტურიენტებს ცვლილებების შეტანის დრო ჰქონდათ აპელაციების შეტანის დასრულებამდე, წელს სააპელაციო ნაშრომების გასწორების პროცესის დროც დავუმატეთ აბიტურიენტებს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ რაც შეიძლება მეტი დრო მივცეთ მათ იმისთვის, რომ საბოლოო არჩევანი გააკეთონ, იმდენად, რამდენადაც რიგ უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობს ავტორიზაცია–აკრედიტაციის პროცესი. შეიძლება, არაგეგმიურად სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც შევიდნენ და დიდი ალბათობით, იმ უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალი, რომლებსაც სტუდენტებისა და აბიტურიენტების მიღება აქვთ გამოცხადებული, შეიცვლება. ამიტომაც ყველა აბიტურიენტს დაბეჯითებით ვთხოვ, ამ პერიოდის განმავლობაში – ვგულისხმობ 15-აგვისტომდე (და გთხოვთ, რომ ნუ დაველოდებით ამ თარიღს) გარკვეული პერიოდულობით გადავამოწმოთ ჩამონათვალი, რადგან შესაძლებელია, მათ მიერ არჩეულ პროგრამას აკრედიტაცია ჩამოერთვას ან უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმდეს და ისინი ამ კონკრეტული არჩევანის გარეშე დარჩებიან. ამიტომაც თავლი ადევნონ იმ სიახლეებს, რომელსაც ჩვენ მივაწვდით“, – აღნიშნა გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.
| Print |
FaceBook Twitter Google