საზოგადოება
თავისუფლების ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა მონტაჟდება
გურჯაანში თელავი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, თავისუფლების ქუჩაზე კანალიზაციის ქსელის მონტაჟი მიმდინარეობს.სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ასრულებს.

როგორც ჩვენთან საუბარში კომპანიის ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ თათარაძემ განაცხადა, ქსელის მონტაჟს კომპანია შიდა რესურსებით ახორციელებს.
„ამასთან დაკავშირებით კურორტ ახტალის ადმინისტრაციამ მოგვმართა და ჩვენც ჩავთვალეთ, რომ კანალიზაციის ქსელის მონტაჟი საჭირო იყო. სამუშაოების დაახლოებით 60-70% უკვე შესრულებულია და სავარაუდოდ, ერთ თვეში დასრულდება. პროექტის ზუსტი ღირებულება ამ დროისთვის უცნობია, თანხის ოდენობა შესრულებული სამუშაოების შემდეგ გამოიკვეთება. “

უწყების ინფორმაციით, გურჯაანში საკანალიზაციო ქსელში ჩართულია ქუჩების გარკვეული ნაწილი და ამჟამად ხდება თავისუფლებისა და მისი მიმდებარე ქუჩების დაერთება.

შეგახსენებთ, რომ წლებია უკვე, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე კანალიზაცია ღიად, სანიაღვრე არხში მიედინებოდა, რის გამოც ზაფხულში გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარია მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.


| Print |
FaceBook Twitter Google