საზოგადოება
რატომ იზრდება განქორწინების რიცხვი
ხათუნა და აკაკი 24 წლიანი თანაცხოვების შემდეგ გასულ წელს განქორწინდნენ. როგორც ხათუნა ჩვენთან საუბარში ამბობს, პრობლემები ნელ-ნელა დაგროვდა. რამაც განქორწინებისკენ უბიძგა, ეს მეუღლის მხრიდან ღალატი იყო.
-„წლების მანძილზე ვითმენდი გაჭირვებას. ჩემს ქმარს თითქმის არსად უმუშავია და არც ის მოსწონდა რომ მე სამსახური მქონდა. ბევრჯერ ამის გამო გვიჩხუბია კიდეც. არადა სხვა გზა არ მქონდა, მხოლოდ მე ვარჩენდი ოჯახს და ხანდახან ჩემი მშობლები მეხმარებოდნენ. მიუხედავად ამისა, ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება ამ დრომდე ვერ მივიღე. ერთის მხრივ არ მინდოდა შვილები მამის გარეშე გაზრდილიყვნენ და მეორე მხრივ მეშინოდა, რას იფიქრებდა ხალხი ჩემზე, როგორც ქმარგაცილებულ ქალზე. ღალატი ბოლო წვეთი აღმოჩნდა და თანაც მივხვდი, რომ სხვისი აზრი მეორეხარისხოვანია, მთავარია მე როგორ ვიგრძნობ თავს. ამ საკითხს ჩემი სრულწლოვანი შვილები გაგებით მოეკიდნენ. დღეს რომ დამაბრუნონ წარსულში, დარწმუნებული ვარ განქორწინების გადაწყვეტილებას უფრო ადრე მივიღებდი.“

მათ მსგავსად გასულ წელს კიდევ 10 221 წყვილი განქორწინდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, განქორწინების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს, ქორწინების რაოდენობა კი იკლებს.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი გაზრდილ სტატისტიკას ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უკავშირებს. მისი თქმით, მათ ორგანიზაციას ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად აკითხავენ, თუმცა განქორწინების გადაწყვეტილების მიღება მაინც უჭირთ.

-„თუ ამ სტატისტიკას დავუკავშირებთ ძალადობის შესახებ შეტყობინებების სტატისტიკას, აშკარად ჩანს, რომ ადამიანებმა ადრე არ იცოდნენ, რომ ამგვარი ქმედება მიუღებელი იყო. მიმაჩნია, რომ ძალადობის გაზრდილი შეტყობინება განქორწინების სტატისტიკას უკავშირდება. იმ ჯგუფებმა, რომლებიც ითხოვენ ოჯახის ინსტიტუტის სიმტკიცეს, უნდა იცოდნენ რომ თანასწორობა ამის მიღწევის ერთადერთი შესაძლებლობაა. უთანასწორობა ყველასთვის დამაზიანებელია. წყვილები უფრო ჰარმონიულად ითანაცხოვრებენ თუკი ძალადობის ფონი შედარებით დაბალ საფეხურზე იქნება. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ქალები ძალიან ხშირად მოგვმართავენ როცა ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, თუმცა მათთვის განქორწინება ადვილი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის. ქალს არ უნდა ეშინოდეს, რომ დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ცხოვრებას და ყოველგვარი ფინანსური შემოსავლის გარეშე დარჩება. ის იმედენად უნდა იყოს რეალიზებული, მარტო ცხოვრება მისთვის საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს. “

რატომ იზრდება განქორწინების სტატისტიკა -speqtri.ge-მ ამ საკითხზე გურჯაანში მოქალაქეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხა. ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი სხვადასხვაგვარია.



სტატისტიკის ეროვნული სამსახური განქორწინების სტატისტიკას 2001 წლიდან ითვლის. ამ წელს თუ ეს რიცხვი 1987 იყო, 2017 წელს 10222 შეადგინა.

განქორწინების რიცხვით თბილისი ლიდერობს, შემდეგია აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი კი მეხუთე ადგილს იკავებს. კახეთში გასულ წელს 783 წყვილი განქორწინდა.

| Print |
FaceBook Twitter Google