საზოგადოება
გურჯაანის ორ სკოლაში სამხედრო სამსახურის შესახებ ლექციები ჩატარდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად იწყებს მასშტაბურ პროექტს – „ჩვენი ჯარი“.

პროექტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები თბილისისა და რეგიონების სკოლებში, XI-XII კლასის მოსწავლეებს წაუკითხავენ ლექციებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, სავალდებულო, ასევე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ და სხვა.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა აღნიშნა, ლექციების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტში ორი სკოლაა შერჩეული.
„სემინარები ჩვენთან მაისში ჩატარდება, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ ვიცით. შეირჩა მრავალკონტინგენტიანი, ველისციხისა და გურჯაანის ნომერ მეორე საჯარო სკოლები. მეორე სკოლა ტერიტორიულად ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ სხვა სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ პრეზენტაციაზე მისვლა. პროცესი გაკვეთილების შემდეგ დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება. ვფიქრობ, ამით ბევრი ბავშვი დაიტერესდება. სამინისტროდან რამდენიმე ჯგუფი ჩამოვა და ლექცია ორივე სკოლაში ერთ დღეს ჩატარდება.“

პროექტი 10 აპრილიდან დაიწყო და საქართველოს რეგიონებს ეტაპობრივად მოიცავს.



| Print |
FaceBook Twitter Google