საზოგადოება
დააგებენ თუ არა ხელახლა გურჯაანის სკოლებთან სიჩქარის შემაფერხებლებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში საჯარო სკოლასთან არსებული სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერები თითქმის მთლიანად აყრილია.


ანალოგიური მდგომარეობაა ასევე ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარე სოფელ გურჯაანისა და ვაზისუბნის საჯარო სკოლებთანაც.
როგორც მოსახლეობა ამბობს, ე.წ. „ბუგაროკები“ ადგილობრივებმა დააზიანეს, რადგან მათ საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს უქმნიდა. „მანქანები სიჩქარეს არ ანელებენ და ისეთი სისწრაფით გადადიან, სახლები ზანზარებს. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში ვართ ისინი, ვინც გზის პირას ვცხოვრობთ. ღამე ისეთი ხმაურია, ბავშვები ვერ დაგვიძინებია,“-აღნიშნა ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.

როგორც ჩვენთან საუბარში სოფელ გურჯაანში მცხოვრებმა გივი მჭედლიშვილმა განაცხადა, სიჩქარის შემაფერხებლები აუცილებელია, განსაკუთრებით კი სკოლებთან.
„ხალხმა თვითონ დააზიანა იმ მიზეზით, რომ სახლები იბზარებაო. იმას არ ფიქრობენ, რომ ბავშვებს საფრთხეს უქმნიან, განსაკუთრებით მცირეწლოვნებს. მოსწავლეები ქუჩაზე რომ გადადიან, მძღოლები არ აჩერებენ. აქ კიდევ მოსახვევია და ზოგჯერ მანქანა ისეთი სიჩქარით მოდის, გადასვლა შეიძლება ვერც მოასწრონ. “

აღნიშნულ საფრთხეზე საუბრობს სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მჭედლიშვილიც. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რამდენიმე წლის წინ მათ მოსწავლეს მანქანა დაეჯახა, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.
„შემაფერხებლები ადგილობრივმა მოსახლეობამ აყარა. რამდენჯერმე მათთან შელაპარაკებაც კი მომივიდა. იმას არ ფიქრობენ, რომ აქ საქმე ბავშვების სიცოცხლეს ეხება. ამის შემდეგ გამგეობას ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ ჯერჯერობით სიახლე არაფერია. სიმართლე გითხრათ, რაც ახალი მერი დაინიშნა, აღარ მივსულვარ. ამჯერად ჩვენთან ვეჯინის სკოლის მოსწავლეებიც დადიან, რადგან იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გამო სკოლაში უფრო მეტი ბავშვია და საფრთხეც დიდია. მართალია, ვმორიგეობთ და პატარებს ვაცილებთ, მაგრამ ბავშვია და დასვენებაზე შეიძლება უცებ გავიდეს ეზოს გარეთ, ამას ხომ ვერ განსაზღვრავ. ტრასის პირას ვართ და ყოველ წუთას დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ.“

მოხდება თუ არა მომავალში სიჩქარის შემაფერხებელი ხელოვნური ბორცვების ხელახლა დაგება, ამასთან დაკავშირებით შპს თელავის საგზაო სამმართველოს მივმართეთ. როგორც ჩვენთან საუბარში დირექტორის მოადგილემ თამაზ აბდულაშვილმა განმარტა, გზის ამ მონაკვეთზე შემაფერხებლები რამდენჯერმე აღადგინეს, მაგრამ უშედეგოდ.
„თავის დროზე შემაფერხებლების გაკეთება გურჯაანის გამგეობამ მოითხოვა. დავაგეთ, მაგრამ მოსახლეობამ აყარა. მივმართეთ გურჯაანის პოლიციასაც და გამგეობასაც, მაგრამ იმათაც ვერაფერი მოუხერხეს. თუ აღდგენა უნდათ,რაიონმა ისევ საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა მიმართოს. მაშინ შეიძლება, ხელახლა მოვაწყოთ, მაგრამ ვფიქრობ, აზრი არ აქვს. გურჯაანიდან ბაკურციხემდე ოცი ზოლი იყო გაკეთებული. გრძივი მეტრი დაახლოებით ასი ლარი ჯდება, ე.ი. ერთი ბორცვი რვაასი ლარი. ამით, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ იზარალა.“

მისივე თქმით, ანალოგიური სიტუაციაა სხვა რაიონებშიც. თამაზ აბდულაშვილი მძღოლების უპასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ისინი მოძრაობის წესებს არ იცავენ.
„ამ მხრივ ყველგან ერთი და იგივე მდგომარეობაა. მაგალითად, თელავიდან ახმეტამდე ხუთ ადგილას იყო შემაფერხებლები და ყველგან მოშალეს. ვერსად ვერ იმუშავა კარგად. იმის გამო, რომ შემაფერხებლებზე მანქანები დიდი სიჩქარით გადადიან, ეს ნამდვილად იწვევს ხმაურს. ყველგან დგა სიჩქარის შემზღუდველი ნიშანი, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. საპატრულომ უნდა დააყენოს სათვალთვალო კამერები, რომელიც აღრიცხავს მოძრაობის სიჩქარეს და მერე მძღოლს ავტომატურად დაერიცხება ჯარიმა. თუმცა, ჯერჯერობით ეს საკთხი არ გადაჭრილა.“

როგორც გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განაცხადეს, საჯარო სკოლებთან არსებულ სიჩქარის შემაფერხებელ ბარიერებთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომლის დაქვემდებარებაშიცაა საქართველოს გზების დეპარტამენტი, მათ მიერ მოთხოვნილი ყველა ინფორმაცია თებერვალში გაუგზავნეს.

| Print |
FaceBook Twitter Google