საზოგადოება
სიღნაღის მუზეუმში იაპონური თოჯინების გამოფენა გაიხსნა
დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, იაპონიის საელჩოს ინიციატივით, იაპონური თოჯინების გამოფენა გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის საელჩომ, თოჯინების გამოფენა საქართველოში პირველად სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში გამართა.
როგორც ჩვენთან საუბარში სიღნაღის მუზეუმის მმართველმა მარიამ ინანაშვილმა აღნიშნა, გამოფენაზე სულ 70 ექსპონატია წარმოდგენილი.
ტრადიციულ თოჯინებთან ერთად, აქ შეგიძლიათ ნახოთ იაპონიის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი თანამედროვე ოსტატების მიერ შექმნილი „კრეატიული თოჯინები“.

„სიღნაღი არის ტურიზმისთვის საკმაოდ ინტენსიური ცენტრი. სწორედ ამანაც განაპირობა ჩვენს მუზეუმში გამოფენის მოწყობა. იყო ორი ფაქტორი, უნდოდათ ტურისტულად აქტიური ქალაქი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. დღეს გაიმართა პრეზენტაცია. საგამოფენო ვადა კი ხვალიდან იწყება და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ეხლა საკმაოდ აქტიური სეზონია და ვიმედოვნებ, რომ ბევრი დამთვალიერებელი გვეყოლება,“ - გვითხრა მარიამ ინანაშვილმა.

ღონისძიების პრეზენტაციას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტადაჰარუ უეჰარა, საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, კახეთის რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google