საზოგადოება
გურჯაანში სოციალურად დაუცველ ახალშობილს სასაჩუქრე პაკეტი გადასცეს
კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდმა პროექტის ფარგლებში, გურჯაანში სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალშობილისთვის სასაჩუქრე პაკეტი გადასცა.

როგორც ჩვენთან საუბარში პროექტის ფსიქოლოგმა ნათია ალბორიშვილმა განაცხადა, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF) თავის პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს „ჯანდაცვის, განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების გაუმჯობესება მოწყვლადი დედებისა და ბავშვებისთვის“ .

„ჩვენი პროექტი ხორციელდება ევროკავშირი საქართველოს დაფინანსებით და მიზნად ისახავს ახმეტის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში დედების, ბავშვებისა და ზოგადად, ადგილობრივი თემებისთვის მდგომარეობისა და განვითარების შესაძლებლობების
გაუმჯობესებას. ერთ-ერთი კომპონენტი გულისხმობს სასაჩუქრე ნაკრებების გადაცემას იმ ახალშობილებისათვის, რომლებიც მიეკუთვნებიან მოწყვლად ოჯახებს. თითოეულ მუნიციპალიტეტში 20 სასაჩუქრე პაკეტი გვაქვს. მასში შედის ყველა ის ნივთი, რაც ახალშობილს უპირველესად სჭირდება: საფენები, სველი ხელსახოცი, პირსახოცი, ბოდეები, შამპუნი, საპონი, ქუდები, ხელთათმანები და ა,.შ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ორი თვის განმავლობაში კიდევ 19 მელოგინეს გადავცემთ ასეთ სასაჩუქრე პაკეტს.“

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში ტარდება სასწავლო კურსები და ტრენინგები, ხდება სხვადასხვა ტიპის კონსულტაციების გაწევა სამიზნე ჯგუფებისთვის - ფსიქოლოგიური, სამედიცინო, იურიდიული, ახალი სერვისების საჭიროების იდენტიფიცირება და მხარდაჭერა,
ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების დახმარება და მათ შორის კავშირების გაძლიერება.

| Print |
FaceBook Twitter Google