საზოგადოება
"როდის ჩამოინგრევა ამბულატორიის კედელი და დაგვეცემა, არავინ იცის“
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიღება უკვე წლებია ამორტიზებულ შენობაში უწევს.
კედლები ისეა დაბზარული, შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს, ჭერი დაზიანებულია და წვიმის დროს წყალი ჩამოდის. შენობაში არც სველი წეტილებია და არც ბუნებრივი აირი.

-„გამგებელი გია გერგიძე იყო მოსული, შემდეგ თბილისიდან გამოიძახა ვიღაცეები. შეამოწმეს და თქვეს, რომ შენობა ავარიულია, მისი გარემონტება არ შეიძლება და შეგვპირდნენ საბავშვო ბაღში ერთი კორპუსია და იქ გადაგიყვანთო. მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა და ჯერჯერობით ისევ აქ ვართ. რამდენიმე თვის წინ, კედელი გადმოინგრა, ძლივს გამოვასწარი, კინაღამ ზედ დამეცა. წვიმის დროს წყალი ჩამოდის. შენობაში არც გაზია შემოყვანილი, ზამთარში ჩვენ ვყიდულობთ შეშას და ღუმელით ვთბებით. ფანჯრებზე კარდონი და ცელოფანი ავაფარეთ, რომ ზამთარში სიცივე მაინც დაიჭიროს. კედლები და იატაკი ისეა დაზიანებული, რომ თაგვები ამოდიან, “ - გვითხრა ამბულატორიის ექთანმა ნათელა ნიკოლაშვილმა.

მედპერსონალთან ერთად, აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობს და პირობების გაუმჯობესებას ითხოვს ახაშნის მოსახლეობაც.
-„ ავადმყოფს რომ მიიყვან, უსაფრთხო გარემო უნდა დახვდეს, კი არ უნდა გეშინოდეს! როდის ჩამოინგრევა ამბულატორიის კედელი და თავზე დაგვეცემა, არავინ იცის. ექიმები კარგი გვყავს, ყურადღება არ გვაკლია, მაგრამ შენობა არ ვარგა. თუ ახალს ააშენებენ, მაგას რა სჯობს, თუ თანხა არ ჰყოფნით, ხომ შეიძლება გაარემონტონ მაინც?!“- ამბობს მერაბ კობიაშვილი.

ახაშნის ამბულატორიის შენობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზეა. როგორც speqtri.ge-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე ამბულატორიის რეაბილიტაციისთვის თანხების მოსაძიებლად მსჯელობა, მიმდინარეობს.

კონკრეტულად როდის მოგვარდება აღნიშნული პრობლემა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

| Print |
FaceBook Twitter Google