საზოგადოება
თუშეთში ათი ციხე-სოფლის რეაბილიტაცია იგეგმება
თუშეთში ათი ციხე-სოფლის აღწერა, შემდეგ კი მათი რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ მოგეხსენებათ, თუ რამხელა სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოსთვის თუშეთი. კონკრეტულად თავისი ულამაზესი ისტორიული, ეთნოგრაფიული მემკვიდრეობით, თავისი ლანდშაფტით, თვითმყოფადობით. სამწუხაროდ დღეისთვის უძველესი ნაგებობების ნაწილი არის დაზიანებული ან განადგურების პირას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ არ ჩატარებულა არანაირი კვლევა ამ კულტურული მემკვიდრეობის. ჩვენ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ ამ ძეგლების აღწერა და ინვენტარიზაცია, შემდგომში კი სრული რეაბილიტაცია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საინვენტარიზაციო კვლევითი სამუშაოები შემდეგ ციხე-სოფლებს ჩაუტარდება: ძველი დიკლო, ძველი გირები, ჭონთიო, ხეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა და ინდურთა. ამისთვის კი პირველ ეტაპზე 400 ათასი ლარია გამოყოფილი, რათა მოხდეს აღწერა.
"ძალიან კარგია, რომ სამუშაოებში იქნებიან ჩართული ახალგაზრდები, სტუდენტები და ზაფხული უკვე კარს მოგვადგა. ამ პერიოდში განხორციელდება ეს სამუშაოები, შემდგომში კი, უკვე ამ აღწერის საფუძველზე და რა თქმა უნდა პროფესიონალური მიდგომების საფუძველზე, მოხდება ამ უძველესი ძეგლების რეაბილიტაცია“, - განაცხადა მან.


| Print |
FaceBook Twitter Google