საზოგადოება
"იძულებული გავხდები, 200 ძირი ვაზი გავჩეხო“ - დაპირისპირება "საქართველოს მელიორაციასთან“
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში მცხოვრები თეიმურაზ ლომიძე "საქართველოს მელიორაციას“ უპირისპირდება.
როგორც ის ამბობს, კომპანია ე.წ. "ძეძვების“ ტერიტორიაზე, ვენახის მიმდებარედ, მისსავე კუთვნილ ადგილას, დამშრობი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამის გამო იძულებულია, 200 ძირი ვაზი აჩეხოს, რადგან ვეღარც მოხნავს და ვეღაც შეწამლის.

-„ჩემმა სამმა მომიჯნემ, დაწერა განცხადება და დამშრობი არხის გაკეთება მოითხოვა. არხს პირდაპირ ჩემს ადგილში ჭრიან, საკადასტრო რუკაც მაქვს,მაგრამ საბუთები გააყალბეს, ვითომ ჩემი კი არა, სახელმწიფოსია. იძულებული გავხდები, 200 ძირი ვაზი გავჩეხო, ვერც მოვწამლი და ვეღარც მოვხნავ, რადგან ტრაქტორი ვერ მოტრიალდება. სხვა გზა აღარ დარჩა, სასამართლოს მივმართავ. ამ არხს ორი წელია აკეთებენ, მე რომ შევეწინააღმდეგე, გაჩერდნენ, ეხლა ისევ გააგრძელეს. ადრე აქ დრენაჟი იყო და რაღად უნდოდათ ახალი არხის გაჭრა?! პოლიციამდე მივიდა საქმე, ორჯერ მომაწერინეს ხელი, რომ მელიორაციას სამუშაოების დასრულების საშაულება მივცე,“-ამბობს თეიმურაზ ლომიძე.

მისი ვენახის მომიჯნედ მდებარე ნაკვეთების მეპატრონეები კი, სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვენ. მათი თქმით, იმის გამო, რომ დამშრობი სისტემა არ არსებობს, ვენახი და ხეხილის ბაღები ჭაობდება.

-„ძველად, ამ ადგილას არხი ყოფილა. ვითხოვ, ისევ აქ გაკეთდეს დამშრობი სისტემა. ცარიელი ადგილი მქონდა, ატამი გავაშენე, მაგრამ ისე იტბორება, ვერ ვახეირე. ზევით, 100 მეტრში, კარალიოკი დავრგე, ვიფიქრე, წყალი უყვარს და იქნებ იმან მაინც გაძლოს-მეთქი, მაგრამ ამ პირობებში ისიც გადახმა. მაგის ადგილთან რა გვესაქმება, ეს ხომ სახელმწიფოს საკუთრებაა?! ჰოდა, მისცეს უფლება მელიორაციას, რომ „კანაოს“ გაჭრა დაამთავრონ. თემურის ვენახის თავში გადის ისეთივე არხი, რაც ახლა აქ, ქვევით კეთდება, მაგას ვენახი აღარ ეტბორება და იმიტომ არ დარდობს,“-გვითხრა შოთა სონღულაშვილმა.

იგივე მოთხოვნა აქვს სოფელ ძირკოკში მცხოვრებ კობა მინაშვილსაც.

-„მაგას მოსავალი მოჰყავს, რადგან ვენახის თავში აქვს საწრეტი არხი და ჩვენ რაღა დავაშავეთ?! არ ასრულებინებს სამუშაოებს, გაიძახის, ჩემს ტერიტორიაზე თხრიანო, არადა, ტყუილია, რანაირად არის მაგის ტერიტორია, როცა ადრე ზუსტად მანდ იყო არხი. მაგის ადგილს არავინ ეხება, პირიქით, ახალი ვენახი რომ ჩაყარა, ზევით ამოიწია. ამავე ზოლზე, ძველი ვენახი ისე აქვს გაშენებული, რომ არხის გაჭრის შემდეგ, ხნავს და წამლის კიდეც. ჩემი ვენახი კი ისე იტბორება, რამდენიმე ვაზი ავჩეხე. მე რაღა დავაშავე, რა გავაკეთო?!“

„საქართველოს მელიორაციაში“ ამბობენ, რომ დამშრობ სისტემას კანონის სრული დაცვით, არა თეიმურაზ ლომიძის, არამედ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე აწყობენ.

-„ჩვენ ვახდენთ დაშრობითი არხების რეაბილიტაციას. აქ, ძირკოკის ტერიტორიაზე, 200 მეტრამდე ხაზია დარჩენილი, რომელიც სადავოა. დაშრობით არხს გავლა ვენახთან ახლოს მოუწია. ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ექვსი თვეა არ გვაგრძელებინებს სამუშაოებს. თუ რამე პრეტენზია აქვს, გვიჩივლოს. ეს კეთდება სახელმწიფოს ტერიტორიაზე და არა მის ადგილში, ჩვენ კერძო საკუთრებას არ ვეხებით. ოდესღაც ამ ტერიტორიაზე დაშრობითი არხი არსებობდა, დღეს სუფთავდება იმიტომ, რომ სრულად გადაბიდნულია.“- განუცხადა speqtri.ge-ს „საქართველოს მელიორაციის“ კახეთის დაშრობითი არხების საქმეთა მწარმოებელმა ავთო სამხარაძემ.

მისივე თქმით, შეჩერებული სამუშაოები 10 მაისს უნდა გაგრძელდეს. იმ შემთხვევაში კი, თუ თეიმურაზ ლომიძე ამის საშაულებას არ მისცემთ, პროცესში სამართალდამცველები ჩაერთვებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google