საზოგადოება
გურჯაანში პოლიციამ გარემოვაჭრეები გააფრთხილა
დღეს, გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე გარემოვაჭრეებს, მერიის მოთხოვნის საფუძველზე პოლიციამ გაფრთხილება მისცა. დღესვე ისინი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს არჩილ ხანდამაშვილს შეხვდნენ.
-"პოლიციამ გაგვაფრთხილა, თუ ტერიტორიას არ დატოვებთ და არ წახვალთ, დაგაჯარიმებთ, გარევაჭრობის აკრძალვა მერიის მოთხოვნააო. კი ბატონო, აკრძალონ, მაგრამ სად გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია?! გვეუბნებიან, ბაზარი უნდა დაიშალოსო, ასეც რომ არ იყოს, იქ ადგილი მაინც არ არის. მერს შევხვდით, ვუთხარით, რომ რამე ტერიტორია მოგცეს, სადაც დავდგებით და ვივაჭრებთ. ახლა შემოდის, მარწყვი, ატამი, ბალი და სხვადასხვა ხილი, რა ვქნათ, სად წავიღოთ?! აქ დგომის ნება ორშაბათამდე დაგვრთეს, მერე ალბათ გაირკვევა სად წავალთ. “- აღნიშნა გარემოვაჭრე ემზარ ზარდიაშვილმა.

როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსმა რამაზ ქიტიაშვილმა განუცხადა, გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს გამოუყოფენ.

-"პოლიციას ჩვენ მივმართეთ გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით. მერია ალტერნატიულ ფართს მოიძიებს. ორშაბათამდე მივეცით უფლება, რომ ისევ ივაჭრონ, შემდეგ კი სხვა ადგილას გავიყვანთ. “

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე პრიმა მუხლის თანამხმად, ნებართვის გარეშე გარევაჭრობა აკრძალულია.
| Print |
FaceBook Twitter Google