საზოგადოება
მელაანში წარმართული ხანის სამლოცველოს ტერიტორიაზე გათხრები მიმდინარეობს
სოფელ მელაანში ე.წ. „მელიღელეში“ უკვე ერთი კვირაა არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.

როგორც ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განმარტა, აღნიშნული ადგილი სოფლიდან დაახლოებით შვიდი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
„გარშემო სავარგულები და ვენახებია. გასული წლის სამოციან წლებში ვიღაცამ ვაზი ჩაყარა, რა დროსაც ბრინჯაოს ნივთები და სხვადასხვა ექსპონატები აღმოაჩინა. ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც კიაზო ფიცხელაური ხელმძღვანელობდა. გაითხარა წარმართული ხანის სამლოცველო, რომელსაც პირობითად „მელიღელე“ პირველი დაარქვეს. იპოვეს რამდენიმე ასეული ბრინჯაოს ნივთი, მათ შორის იყო: მახვილები, სატევრები, თიხის ჭურჭელი და სხვა. იმდენად ბევრი საჭურველი ამოვიდა, რომ მეცნიერების ვარაუდით, ყველაფერი ომის ღმერთის სახელზე იყო შეწირული.“

თამაზ მარკოზაშვილის თქმით, იმ ადგილას ორი სამლოცველო იყო და ამჟამად არქეოლოგიური სამუშაოები სწორედ მეორე სამლოცველოს ადგილას მიმდინარეობს.
„გათხრები დაახლოებით ნახევარი საუკუნის მერე განახლდა. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ერთი თვე გაგრძელდება. ამჟამად ექსპედიციას კიაზო ფიცხელაურის შვილი, პროფესორი კოტე ფიცხელაური ხელმძღვანელობს, მონაწილეობენ უნივერსიტეტის სტუდენტები. მეორე სამლოცველო დაახლოებით 50 მეტრის მანძილზეა განთავსებული. სამლოცველოების გარშემო არის წრიული ფორმის რიყის ქვით ნაშენები კედლები. რამდენიმე გალავანია, რომლის შიგნითაც ამაღლებული ბორცვია. აქ სავარაუდოდ შეწირულ ნივთებს ალაგებდნენ. მეცნიერების აზრით, პირველი სამლოცველო ომის ღმერთის სახელზე, ხოლო მეორე ნაყოფიერების ღვთაების სახელზე უნდა იყოს აშენებული.“

თამაზ მარკოზაშვილის განმარტებით, ამოღებული არტეფაქტები დამუშავდება და ეროვნულ მუზეუმში გადაიგზავნება. როგორც მან განმარტა, ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმების შედეგად, გარკვეული ნაწილი შეიძლება ადგილობრივ მუზეუმშიც განთავსდეს.

| Print |
FaceBook Twitter Google